ირაკლი ღარიბაშვილი - ბიუჯეტი კონსერვატიულად არის დაგეგმილი, 2024 წელს 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
მინდა, აღვნიშნო, რომ კონსერვატიულად არის დაგეგმილი ბიუჯეტი, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული 2024 წელს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ბიუჯეტის დეფიციტი 2024 წელს 2,5%-ით განისაზღვრება.
„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რათა პარლამენტს გადავუგზავნოთ ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ბიუჯეტის პირველად ვარიანტზე საკმაოდ ინტენსიურად ვიმუშავეთ, ამის შემდეგ ჩვენ პარლამენტს წარუდგინეთ სექტემბრის ბოლოს პირველი ვარიანტი და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გავაგრძელეთ მუშაობა თითოეულ სამინისტროსთან, მერე ასევე გვქონდა სამუშაო შეხვედრა პარლამენტთან, უმრავლესობასთან, კომიტეტებთან – ყველასთან დეტალურად გავიარეთ ბიუჯეტის პირველი ვარიანტი, შემდეგ ვიმუშავეთ და ახლა წარმოვადგენთ მეორე ვარიანტს. მინდა, აღვნიშნო, რომ კონსერვატიულად არის დაგეგმილი ბიუჯეტი, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული 2024 წელს. ამავდროულად, მინდა ვთქვა, რომ შემცირებულია ბიუჯეტის დეფიციტი, რომელიც 2024 წელს გვექნება 2,5% და შემდგომ წლებში ასევე კიდევ შემცირდება ბიუჯეტის დეფიციტი, ხოლო მთავრობის ვალი შეადგენს მშპ-ს 38,2 პროცენტს, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია, სულ რაღაც სამი წლის წინ იყო 60%-ზე მეტი და ეს მოვახერხეთ ძალიან მალე, მოკლე პერიოდში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.