ირაკლი ღარიბაშვილი - ბიძინა ივანიშვილს ქვეყანაში ძალიან ბევრი საქველმოქმედო ინიციატივა აქვს განხორციელებელი, ამ ადამიანმა 2012 წელს შეცვალა სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმი
ევროკომისიის მხრიდან როდესაც საქართველოს მიეცა ჩამონათვალი, მყისიერად დავიწყეთ მათზე მუშაობა, ჩავერთეთ პროცესში და ივნისისთვის ყველაფერი იქნება დასრულებული. ყველაფერი დასრულდება, ერთი რეკომენდაციის გარდა, ეს არის დეპოლარიზაცია ან პოლარიზაციის დასრულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა.
დისკუსიის წამყვანმა პრემიერ-მინისტრს დაუსვა კითხვა: ევროკავშირის გაწევრიანების გზაზე მოგენიჭათ 12 რეკომენდაცია, ჩამონათვალშია დეოლიგარქიზაცია, სასამართლო სისტემის რეფორმა და ასე შემდეგ. მოხსნილი რომ იყოს ჭარბი ინტერესი და გავლენა საჯარო ცხოვრებაზე, ამ მიმართულებით რა ნაბიჯებს დგამთ?“
„დეოლიგარქიზაციის საკითხი რადგან იკითხეთ, ჩვენ გამოცდილება მივიღეთ უკრაინიდან. კარგად იცით, რომ მსგავსი კანონი, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი, მგონი, ორი წლის წინ მიიღო უკრაინამ და ბევრ სხვა ქვეყანას არ აქვს ამ მიმართულებით გამოცდილება, ამიტომ ავიღეთ უკრაინის მაგალითი და ვენეციის კომისიაში გავაგზავნეთ კანონპროექტი, მათგან მივიღეთ მოსაზრებები. მიმაჩნია, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ. მიუხედავად ამისა, ჩვენ გარკვეული კრიტიკაც მოვისმინეთ, რომ საქართველოს არ სჭირდება ეს კანონი. წინა წლებში თუ გვჭირდებოდა, ახლა რატომ არ გვჭირდება, ვეღარ ვხვდები. მინდა, გავშალო დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება-არმიღების საკითხი. ერთ-ერთი მთავარი ასპექტი ის არის, რომ ეს ადამიანი, არ მინდა, საქართველოს პოლიტიკაზე აქ ვისაუბრო, მაგრამ რადგან იკითხეთ, რეალური ოლიგარქი არის ყოფილი თავდაცვის მინისტრი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამასთან, დისკუსიის წამყვანმა პრემიერ-მინისტრს ჰკითხა: „მეგონა, სხვაზე საუბრობდით. მე ვფიქრობდი თქვენს ყოფილ პრემიერ-მინისტრზე, ოლიგარქად მოიხსენიებენ და არ არის სწორი?“ – რაზეც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა:
„ვიტყოდი, რომ როგორც კი მივიღებთ ამ კანონს, ყველაფერი იქნება გარკვეული და ამ მისტიკას, საკითხსა და ბრალდებებს მოვხსნით. არგუმენტების გარეშეა ეს ბრალდებები, ამიტომ, რადგან იკითხეთ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის საკითხი, გეტყვით, რომ ძალიან ბევრი საქველმოქმედო ინიციატივა აქვს განხორციელებელი. ამ ადამიანმა 2012 წელს ქვეყანაში შეცვალა სააკაშვილის ბრუტალური, დიქტატორული რეჟიმი. სააკაშვილის პერიოდში არ არსებობდა დემოკრატიის ნიშანი. ხალხს აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, ციხეებში, ქუჩებში კლავდნენ, 300 000-ზე მეტი ადამიანი გასამართლდა, არ იყო არც თავისუფალი მედია, არც რეალური სამართალი, არც კანონის უზენაესობა. ჩვენ ბოლო ათი წლის განმავლობაში დრამატული ცვლილებები მოვახდინეთ და ეს ცვლილება იყო უზარმაზარი. დღე და ღამე რომ განსხვავდება, ისეთი განსხვავებაა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.