ირაკლი ღარიბაშვილი - ბიძინა ივანიშვილის მიერ დატოვებულმა გუნდმა და მისმა პარტიამ გავაფორმეთ ყველა მნიშვნელოვანი სტრატეგიული დოკუმენტი, რამაც რეალურად, ხელშესახებად დაგვაახლოვა ევროპასთან
ბიძინა ივანიშვილის მიერ დატოვებულმა გუნდმა და მისმა პარტიამ გავაფორმეთ ყველა მნიშვნელოვანი სტრატეგიული დოკუმენტი, რამაც რეალურად, ხელშესახებად დაგვაახლოვა ევროპასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა ის ეფექტური ნაბიჯი, რაც მთავრობას უნდა გადაედგა, შესრულებულია.
„ყველას შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, როდესაც 2012 წელს მოვიდა სათავეში, მაშინ ჩავიბარეთ უმძიმესი მემკვიდრეობა. ეს იყო რეალურად დიქტატორული რეჟიმი, სადაც ადამიანებს კლავდნენ, ხოცავდნენ, აუპატიურებდნენ და საშინელება ხდებოდა. არ არსებობდა არც თავისუფალი მედია, არც თავისუფალი სასამართლო. არავითარი დემოკრატიის ნიშანწყალი ქვეყანაში არ არსებობდა 2012 წელს. რაც შეეხება აწმყოს, ჩვენ, ბოლო ცხრა წლის განმავლობაში, იგივე ბიძინა ივანიშვილის მიერ დატოვებულმა გუნდმა და მისმა პარტიამ, ყველა მნიშვნელოვანი სტრატეგიული დოკუმენტის ნაბიჯი, რამაც რეალურად, ხელშესახებად დაგვაახლოვა ევროპასთან, ჩვენ გავაფორმეთ. შეგახსენებთ ყველას, მათ შორის ჩვენს კრიტიკოსებს და არაობიექტურ ადამიანებს: ასოცირების შეთანხმება ვინ გააფორმა? ეს გააფორმა „ქართულმა ოცნებამ“, ანუ ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ, მისმა დატოვებულმა გუნდმა. უვიზო რეჟიმი, რომლითაც თქვენ ყველანი, ჩვენი მოქალაქეები სარგებლობენ, თავისუფალი ვაჭრობა, ახლა უკვე ოფიციალურად ჩვენ წარვადგინეთ წევრობაზე განაცხადი. ანუ ყველა ის ეფექტური ნაბიჯი, რაც მთავრობას უნდა გადაედგა, ჩვენი მხრიდან არის შესრულებული“, – განაცხადა პრემიერმა.