ირაკლი ღარიბაშვილი - ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ჩვენი მმართველობის რვა წელი არის უიშვიათესი გამონაკლისი, როცა ხალხმა მშვიდობისა და თავისუფლების ფასი იგემა
ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ჩვენი მმართველობის რვა წელი არის ის ერთადერთი უიშვიათესი გამონაკლისი, როცა ხალხმა იგემა მშვიდობის და თავისუფლების ფასი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კახეთში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.
მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა ხალხთან ერთად ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ დესტრუქციული ძალა პოლიტიკური ველიდან გაიყვანოს.
„ჩვენი თავმჯდომარის ლიდერობით, მართლაც თქვენთან ერთად, შეუძლებელი შევძელით. ქვეყანაში დავასრულეთ ძალადობა, მკვლელობა, მოქალაქეების ჩაგვრა. სულ რამდენიმე წამით გავიხსენოთ, რა ხდებოდა ქვეყანაში ბოლო 30 წლის განმავლობაში. მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, რაც დაინგრა საბჭოთა კავშირი, ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა ხალხმა გამოსცადა არაერთი ომი, იქნება ეს ომი ჩვენს მოწინააღმდეგესთან – რუსეთთან, შიდა ომები, თუ სამოქალაქო ომები.
ომები შემთხვევით არ მიხსენებია. ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ჩვენი მმართველობის რვა წელი არის ის ერთადერთი გამონაკლისი, ის უიშვიათესი გამონაკლისი, როცა ხალხმა იგემა მშვიდობის და თავისუფლების ფასი. ხალხი დაიღალა ამდენი დესტაბილიზაციით, მუდმივი შუღლით, შიდა განხეთქილებით, ერთმანეთთან ბრძოლით. ჩვენი ხელისუფლების პირობებში, დავასრულეთ ის ქაოსი და ის დესტაბილიზაცია, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ მოუტანა ქვეყანას – ნგრევა და ომი. ეს არის ის უიშვიათესი, უნიკალური პერიოდი, როცა ჩვენს ქვეყანას არ ჰქონია ომი, ხოლო ის ხელისუფლება, რომელიც ჩვენს ხალხს ვერ აარიდებს ყველაზე დიდ შეცდომას, თუ დანაშაულს, დიდ უბედურებას, განსაცდელს, როგორიც არის ომი და ტერიტორიების დაკარგვა მოღალატეობრივად, არათუ ხელისუფლებაში დაბრუნებას, არამედ პოლიტიკაში დარჩენას არ იმსახურებს, მეგობრებო.
ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ისევ ერთად, ჩვენი თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრის, მთელი გუნდის ხელმძღვანელობით, რომ ეს დესტრუქციული ძალა ერთხელ და სამუდამოდ გავიყვანოთ პოლიტიკური ველიდან“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიის სახელით, საზოგადოებას თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.
მისივე თქმით, ოქტომბერში, საპარლამენტო არჩევნებზე საზოგადოებამ არჩევანი დესტაბილიზაციასა და მშვიდობას შორის უნდა გააკეთოს.
„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ჩვენი პარტიის სახელით. ჩვენ, ყველანი ერთად ვართ. ერთად უნდა ვიდგეთ ისევ. მადლობა თანადგომისთვის. თქვენი თანადგომის გარეშე, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იქნებოდა გამარჯვება. 2020 წლის ოქტომბრის არჩევნები არის გადამწყვეტი, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ან უნდა განვაგრძოთ ეს გრძელვადიანი სტაბილურობა, მშვიდობა და თავისუფლება, რომელიც ჩვენს ხალხს ებოძა, ან ისევ ამ დესტაბილიზაციის ხანაში უნდა დავბრუნდეთ. არჩევანი თქვენზეა, ჩვენო მეგობრებო“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.