ირაკლი ღარიბაშვილი - ბელარუსთან შეთანხმება არც ერთი მოქალაქის წინააღმდეგ არ არის, ესაა ჩარჩო-შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც უსაფრთხოების სამსახურები ტერორიზმთან დაკავშირებით თანამშრომლობენ
მორიგი კლასიკური მაგალითია, როგორ იქმნება ფეიკნიუსი, ყალბი ნიუსი და როგორ აბრუნებენ ერთი მხრივ, პრიმიტიულ მოცემულობას სახელმწიფოს წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს საქართველოსა და ბელარუსის უსაფრთხოების სამსახურებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, ეს არის ჩვეულებრივი ჩარჩო-შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც უსაფრთხოების სამსახურები თანამშრომლობენ ტრანსნაციონალურ დანაშაულთან, ტერორიზმთან დაკავშირებით და ის არც ერთი მოქალაქის წინააღმდეგ არ არის მიმართული.
„ძალიან მარტივად გეტყვით და მინდა, კიდევ ერთხელ განვმარტო ჩვენი უცხოელი მეგობრების გასაგონად, 2016 წელს, ანუ მაშინ, როცა ბელორუსთან დასავლეთის ქვეყნებს ჰქონდათ ძალიან ნორმალური, კარგი ურთიერთობა და იყვნენ სრულ კოორდინაციაში და ბელარუსიც მიისწრაფოდა დასავლეთის ქვეყნებთან ნორმალური თანამშრომლობის რეჟიმისკენ, მაშინ ჩვენ ეს ინფორმაცია გავავრცელეთ კიდეც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განმარტებაც გააკეთა, რომ არაერთ ქვეყანას დასავლეთ ევროპაში გაფორმებული აქვს ანალოგიური შინაარსის შეთანხმებები ბელარუსთან.
2016 წელს და ეს საჯარო ინფორმაციაა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გააფორმა ანალოგიური შინაარსის შეთანხმება ბელარუსის შესაბამის სამსახურთან. მაშინაც, მას შემდეგაც, 5 წელი გავიდა, ეს საერთოდ არავის გახსენებია. უბრალოდ, როგორც ჩანს, ერთი თვის წინ ბელარუსმა ძალაში შეიყვანა ეს შეთანხმება და ისევ ჩვენმა მავნებლებმა და ჩვენი ქვეყნის მტრებმა დაიწყეს მორიგი პროპაგანდა სახელმწიფოს წინააღმდეგ და ჩვენი ქვეყნის გაშავება, რადგან ისეთი რაკურსით დაიწყეს ამ ინფორმაციის გაშუქება და დასავლეთში გაშვება, თითქოს რაღაც არანორმალურ ვითარებასთან გვქონდა საქმე. მეორე მხრივ, მინდა, განვმარტო, რა თქმა უნდა, ეს შეთანხმება არც ერთი მოქალაქის, მათ შორის ბელარუსის არც ერთი მოქალაქის წინააღმდეგ არ არის და არ იქნება გამოყენებული. ეს არის ჩვეულებრივი ჩარჩო-შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც უსაფრთხოების სამსახურები თანამშრომლობენ ტრანსნაციონალურ დანაშაულთან, ტერორიზმთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ხაზგასმით ვიმეორებ, არც ერთი მოქალაქის წინააღმდეგ არ არის მიმართული ეს შეთანხმება და არავითარ პრინციპულ მნიშვნელობას არ ატარებს“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.