ირაკლი ღარიბაშვილი - ბათუმის განათლებისა და მეცნიერების ქალაქი 2021-2022 სასწავლო წელს მოსწავლეთა პირველ ნაკადს მიიღებს
ბათუმის განათლებისა და მეცნიერების ქალაქი, სადაც საგანმანათლებლო და შემეცნებითი სივრცეების მოწყობა უკვე დასრულდა, 2021-2022 სასწავლო წელს მოსწავლეთა პირველ ნაკადს მიიღებს; სასწავლო პროცესის წარმართვისთვის მზადაა ფიზიკა-მათემატიკის სკოლა, სადაც მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო, – განათლებისა და მეცნიერების ქალაქში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად დაათვალიერა.
პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ხარისხიანი განათლების მიღების მნიშვნელობას ყველა საფეხურზე. მთავრობის მეთაურის შეფასებით, მისასალმებელია, რომ ფიზიკა-მათემატიკის სკოლა კონკურსის შედეგად შერჩეულ მოსწავლეებს გაძლიერებულ პროგრამებს შესთავაზებს ფიზიკა-მათემატიკის, პროგრამირებისა და უცხო ენების მიმართულებით.
ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლას ასევე გადაეცემა ახალი თაობის საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა, რომელიც 250 მოსწავლეზე გათვლილი სკოლისა და 100 ბავშვზე გათვლილი საცხოვრებელი კამპუსისგან შედგება. აღნიშნულ სივრცეში მოწყობილია საცხოვრებელი და სასწავლო ოთახები, სველი წერტილები, სივრცეები საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიებისთვის, ბიბლიოთეკის, სააქტო დარბაზისა და სასადილოსთვის. სკოლას აქვს სპორტული დარბაზი, ღია სპორტული მოედანი და სარეკრეაციო ზონა და სრულად ადაპტირებულია სპეციალური საჭიროებების მქონე პირთათვის.
პროექტი, რომლის ღირებულებაც 11 მილიონ ლარზე მეტია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა.
გარდა ამისა, განათლების ქალაქში 2022 წელს იწყება კოლეჯ „ბლექსის“ მშენებლობა. განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა პრემიერ-მინისტრს განუმარტა, რომ შენობის პროექტირების პროცესი – წლის ბოლომდე, ხოლო კოლეჯის მშენებლობა – 2023 წელს დასრულდება.
ამასთან, განათლების ქალაქში სახელოვნებო სკოლას ააშენებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. პროექტის ღირებულება 17 მლნ ლარია. სახელოვნებო სკოლა 2 500 მოსწავლეზე იქნება გათვლილი. პროექტში გათვალისწინებულია სასწავლო ოთახები, საამქროები, გალერეა, საკონცერტო და საკონფერენციო დარბაზები და ამფითეატრი ღია წარმოდგენებისათვის.