ირაკლი ღარიბაშვილი - ბანკები და საფინანსო სექტორი აღარ გადადიან ე.წ. ესტონურ მოდელზე, ამ ინიციატივით შევდივართ პარლამენტში, რადგან ბანკების ამხელა მოგება გაუმართლებელია
ბანკები და საფინანსო სექტორი მოგების გადასახადის ე.წ. ესტონურ მოდელზე აღარ გადადიან და მათთვის მოგების გადასახადის არსებული სისტემა შენარჩუნდება.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. პრემიერის განმარტებით, პარლამენტს „ესტონური მოდელის“ ჩანაწერის გაუქმების ინიციატივით მიმართავენ.
ამავდროულად, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ, 15 პროცენტის ნაცვლად, ბანკებისთვის მოგების გადასახადი 20 პროცენტი იქნება.
„გვქონდა განხილვები ეკონომიკური საბჭოს ფორმატში და მინდა, რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ვაცნობო საზოგადოებას, მათ შორის ბიზნესსექტორს, საბანკო სექტორს. პირველ რიგში, ჩვენ საფინანსო სექტორისთვის მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილება – ბანკები და საფინანსო სექტორი აღარ გადადიან მოგების გადასახადის ე.წ. ესტონურ მოდელზე. მათთვის შევინარჩუნებთ მოგების გადასახადის არსებულ სისტემას. „ესტონური მოდელის“ ჩანაწერი გაუქმდება. ამ ინიციატივით შევდივართ პარლამენტში, რადგან გაუმართლებელია, ბანკებს ამხელა მოგება აქვთ, ორი მილიარდი ლარი იქნება ბანკების სუფთა მოგება წელს, წლის ბოლომდე. გარდა ამისა, ჩვენი ინიციატივით, და პარლამენტს მივმართავთ ამის თაობაზე, მოგების გადასახადი ბანკებისთვის იქნება 20 პროცენტი, ნაცვლად 15 პროცენტისა. ამით ჩვენ დამატებითი შემოსავლების მიღებას ვვარაუდობთ 2024 წლიდან. ასევე, მოგების გადასახადს ბანკები გადაიხდიან ფინანსური აღრიცხვის ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, რაც მანამდე ასე არ ხდებოდა. რა თქმა უნდა, ვაფასებთ ბანკების როლს ეკონომიკის ზრდაში, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან განვითარებული საბანკო სისტემა, ორი მსხვილი ბანკი არის ლონდონის საფონდო ბირჟაზე და ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ მათ ხელშეწყობას. ეს არის მცირედი კორექტივები, რომლებიც შევიტანეთ კანონმდებლობაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საგადასახადო შეღავათები სოფლის მეურნეობაში დასაქმებული პირებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის დამატებით სამი წლის ვადით, 2026 წლამდე გაგრძელდება.