ირაკლი ღარიბაშვილი - აზერბაიჯანთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის მშენებლობაზე, რომელიც 2024 წელს დასრულდება
საქართველო მნიშვნელოვან როლს თამაშობს აღმოსავლეთ-დასავლეთის დაკავშირებადობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბაქოში, SPECA-ს ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს მასშტაბურ პროექტებში.
„დაკავშირებადობის ხელშეწყობას ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ჩვენს ქვეყანას ძალიან საინტერესო სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა აქვს და ასევე, მიმზიდველი ბიზნესგარემო. საქართველო უკვე თამაშობს მნიშვნელოვან როლს აღმოსავლეთ-დასავლეთის დაკავშირებადობაში და მისი საერთო პოზიტიური ეკონომიკური, ბიზნეს და ინსტიტუციური პერსპექტივა შეესაბამება ჩვენს მიზანს, უზრუნველყოს სტაბილურობა, კეთილდღეობა მთელ რეგიონში. რეგიონული ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით, ჩემი მთავრობა მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს მასშტაბურ პროექტებში. ბოლო წლებში ინვესტიციები განხორციელდა ქვეყნის საავტომობილო გზების, რკინიგზისა და აეროპორტების განახლებაში, ასევე, ახალი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების შემუშავებაში. ჩვენ ახლა ვმუშაობთ ახალი პროექტის განხორციელებაზე, რომელიც არის ახალი პორტის მშენებლობა ანაკლიაში და საბოლოო ეტაპზეა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სიმძლავრე იქნება წელიწადში 100 მლნ ტონა. ასევე, ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროენერგიის კაბელის პროექტზე, რომელიც წამოვიწყეთ და რომელზეც გასულ წელს, დეკემბერში ბუქარესტში მოვაწერეთ ხელი საქართველოს, აზერბაიჯანის, უნგრეთისა და რუმინეთის ლიდერებმა. ვფიქრობთ, ეს პროექტი ძალიან საინტერესო იქნება არა მხოლოდ ჩვენი რეგიონისთვის, არამედ ევროპისთვისაც“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა გაზრდილია 48 პროცენტით.
„2024 წლის ბოლოს, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის დასრულების შემდეგ, ჩვენი რკინიგზის გამტარუნარიანობა გაორმაგდება და გახდება 48 მლნ ტონა წელიწადში. ჩვენ ასევე აქტიურად ვმუშაობთ აზერბაიჯანთან ერთად ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის მშენებლობაზე, რომელიც 2024 წელს დასრულდება. მთავრობა ასევე ახორციელებს სერიოზულ, სოლიდურ კაპიტალდაბანდებას აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის პროექტში. ჩვენ ასევე ვმუშაობთ ახალი აეროპორტის განვითარებაზე, რომელსაც ექნება პოტენციალი, რომ გახდეს რეგიონული საავიაციო ტრანზიტული ცენტრი“, – აღნიშნა პრემიერმა.