საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ფაიგ გულიევთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანელ დიპლომატს ელჩად დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
„შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ მეგობრულ და სტრატეგიულ ურთიერთობაზე. მხარეებმა განიხილეს თავდაცვის სამინისტროებს შორის არსებული თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა. საუბარი ასევე შეეხო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების დოკუმენტის გაფორმების საკითხსა და სამხედრო განათლების სფეროში ურთიერთობების მნიშვნელობას. შეხვედრის დასასრულს თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანელი კოლეგის თბილისში მასპინძლობის იმედი გამოთქვა“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.