ირაკლი ღარიბაშვილი - აწარმოეს მრავალთვიანი კამპანია, თითქოს ვიღაცების დავალებით მოვწამლეთ სააკაშვილი, მოვკალით, ბევრი ევროპელი ლიდერი მეუბნება, რომ ასეთი აღვირახსნილი კამპანია არ უნახავთ
აწარმოეს მრავალთვიანი კამპანია, თითქოს ვიღაცების დავალებით მოვწამლეთ სააკაშვილი, მოვკალით, ბევრი ევროპელი ლიდერი მეუბნება, რომ ასეთი ზღვარგადასული, აღვირახსნილი კამპანია არ უნახავთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასმართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ყველაფერი, რასაც მთავრობა, პენიტენციური სამსახური და კლინიკა მიხეილ სააკაშვილის მიმართ აკეთებენ, არის სწორი.
„ეს იყო ანტისახელმწიფოებრივი, ანტისაქართველოს კამპანია და რატომ, განვმარტავ. გახსოვთ, რომ სააკაშვილის შემოპარვის დღიდან, მას შემდეგ, რაც მოვათავსეთ ციხეში, დაიწყო აღვირახსნილი ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი კამპანია, რომ კვდება, მოვწამლეთ, ათასი უბედურება დავმართეთ, მაგრამ ის მაინც ფეხზე დგას. რამდენიმე თვის წინ ინფორმაცია გასაჯაროვდა, რომ მისმა ოჯახმა ოფიციალურად ერთი მილიონი დოლარი გადაიხადა ამერიკის შეერთებულ შტატებში. „ტვ პირველისა“ და „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა კითხვა უნდა დაუსვან დედამისს, მის ოჯახს და მის ადვოკატებს, საიდან აქვთ ეს ერთი მილიონი დოლარი მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია შეილახოს. ძალიან ბევრი ევროპელი ლიდერი, კოლეგა მეუბნება, რომ ასეთი ზღვარგადასული, აღვირახსნილი კამპანია არ უნახავთ არცერთი ქვეყნიდან, პირიქით, მეუბნებიან, ეს არის მტრობა. ყოველგვარი არგუმენტების, ფაქტების გარეშე აწარმოეს მრავალთვიანი კამპანია, რომ მომხდარიყო ჩვენი ქვეყნის რეპუტაციის დაზიანება, თითქოს ჩვენ აქ ვიღაცების დავალებით მოვწამლეთ სააკაშვილი, მოვკალით და ა.შ. ამაზე დაყრდნობით მიმართეს მათ სტრასბურგს. მინდა, იცოდეს ხალხმა, და ყველამ ძალიან კარგად ნახა, რომ არცერთი მათი ე.წ. არგუმენტი და ფაქტი სტრასბურგმა არ მიიღო დასაშვებად, არ გაითვალისწინა. სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ყველაფერი, რასაც ხელისუფლება, მთავრობა, პენიტენციური სამსახური და ის კლინიკა აკეთებენ, სადაც მკურნალობს სააკაშვილი, ყველაფერი, რაც გაკეთდა არის სწორი და შესაბამისობაში. ამიტომ მათ უარი უთხრეს ყველა მოთხოვნაზე. ამით დასრულდა ყველა ის ცილისწამება, ბრალდება, რაც ისმოდა ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენი მისამართით. მე კითხვა მინდა, დავუსვა, რა კომენტარი ექნება, მაგალითად, ამ დესტრუქციულ ძალას, ეს ამდენი შეკვეთილი სტატია, შეკვეთილი და ფულით დაფინანსებული სიუჟეტები სხვადასხვა სატელევიზიო არხზე უცხოეთში, თურმე ჩვენ რუსეთის დავალებით მოვწამლეთ სააკაშვილი, მაგრამ მაინც გადარჩა, ვკლავთ, არ ვემსახურებით და ა. შ. ამით ვფიქრობ, ყველაფერი ითქვა, სახეზე არის სიმართლე, ჩვენ არაფერს ვმალავთ, ეს არის კიდევ ერთხელ აღიარება და ჩვენი სიმართლის გამარჯვება“, – განაცხადა პრემიერმა.
ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილს კითხვა დაუსვეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს პრემიერმინისტრობის კანდიდატად ამზადებს.
„არიან გაკოტრებულები, დეგრადირებულები, დემორალიზებულები. არიან სრულ ნიჰილიზმში და იგონებენ ათას რაღაცას. მე არ მაინტერესებს. მე მაინტერესებს საქმე და ჩვენი ქვეყნის წინსვლა“- აღნიშნა პრემიერმა.