ირაკლი ღარიბაშვილი ავსტრიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი ავსტრიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ავსტრიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ავსტრიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტს ვოლფგანგ სობოტკას შეხვდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით,  შეხვედრის ძირითადი განსახილველი საკითხები ავსტრიისა და საქართველოს პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებისთვის მზადყოფნა და ორ ქვეყანას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში ურთიერთობის გაღრმავება იყო.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ ავსტრია და საქართველო საპარლამენტო დემოკრატიები არიან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. აღინიშნა საქართველო-ავსტრიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების შესახებ და იმედი გამოითქვა, რომ ჯგუფის წევრების მჭიდრო თანამშრომლობა და ორმხრივი ვიზიტები დადებით გავლენას იქონიებს საკანონმდებლო ორგანოების სამომავლო ურთიერთობაზე.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების საკითხს. პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყნისთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება წლების განმავლობაში მიღწეული პროგრესის, ინტეგრაციის მაღალი დონის აღიარებაა. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას აქტიურად აგრძელებს.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებსა და ომის გავლენას რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე.

პრემიერ-მინისტრმა ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ვოლფგანგ სობოტკასთან შეხვედრის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა „ტვიტერის“ მიკრობლოგზე პოსტი გამოაქვეყნა.

მისი თქმით, ავსტრიასა და საქართველოს მთავრობებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება დიდ წვლილს შეიტანს და გააძლიერებს ქვეყნების საპარლამენტო ჯგუფების მუშაობას.

„ძალიან საინტერესო საუბარი მქონდა ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტ ვოლფგანგ სობოტკასთან. ავსტრიასა და საქართველოს მთავრობებს შორის თანამშრომლობის და ურთიერთობების გაძლიერება დიდ წვლილს შეიტანს და გააძლიერებს ჩვენი ქვეყნების პარლამენტებს და საპარლამენტო ჯგუფების მუშაობას და თანამშრომლობას”,- წერს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.