ირაკლი ღარიბაშვილი - ათი წლის განმავლობაში ჩვენ 7 მლრდ ლარით დავაფინანსეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამები, წინა ხელისუფლება რომ ყოფილიყო, ჯამში იქნებოდა 700 მლნ ლარი
2012 წლამდე ძალიან მწირი დაფინანსება ჰქონდათ კერძო კლინიკებს სახელმწიფოსგან. ბოლო 10 წლის განმავლობაში კერძო სამედიცინო კლინიკებმა მიიღეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებზე სახელმწიფოს მიერ დახარჯული თანხების 97%, რაც შეადგენს თითქმის 6.8 მლრდ ლარს, 6 მლრდ 800 მლნ ლარს შეადგენს ჩვენ მიერ გადახდილი თანხები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ამას ემატება ერთ მლრდ ლარზე მეტი კოვიდპანდემიის დროს ყველა პაციენტის მკურნალობის ანაზღაურება და, რა თქმა უნდა, ეს იყო ძალიან დიდი დახმარება კერძო კლინიკებისთვის მაშინ, როცა 2012 წელს მთლიანად ჯანდაცვის მიმართულებაზე იხარჯებოდა 450 მლნ ლარი. ეს შედარება, ეს განსხვავებაა ჩვენი ხელისუფლების მიერ გაკეთებულ საქმესა და 2012 წლამდე გაკეთებულ საქმეს შორის. ეს არის უზარმაზარი განსხვავება“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, ბოლო 10 წელიწადში, გარდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებისა, რეფერალური მომსახურებით ისარგებლეს მოქალაქეებმა, რისთვისაც 390 მლნ ლარი გამოიყო.
ამასთან, ღარიბაშვილის განცხადებით, ახლა ყველაზე დიდი გამოწვევაა ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისების მიწოდება მოქალაქეებისთვის, რა მიმართულებითაც ბევრი გაკეთდა, თუმცა კიდევ ბევრი არის გასაკეთებელი.
„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსების გარდა, რეფერალური მომსახურებით ისარგებლეს ჩვენმა მოქალაქეებმა და ამისთვის გამოვყავით 390 მლნ ლარი, საიდანაც 50 მლნ ლარით დაფინანსდა ჩვენი მოქალაქეების მკურნალობა საზღვარგარეთ და ამას ემატება 25 მლნ ლარი სოლიდარობის ფონდის მიერ გამოყოფილი დაფინანსება. ჯამში 75 მლნ ლარი იქნა გადახდილი ჩვენი მოქალაქეების საზღვარგარეთ მკურნალობაში. ეს არის ძალიან მოკლედ ის შედეგები, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ, ჩვენმა მმართველმა ძალამ, პარტიამ მოუტანა ჩვენს მოქალაქეებს.
70 მლნ ლარი წელიწადში, ანუ, ჯამში, 10 წელიწადში 700 მლნ ლარი იქნებოდა, რომ ყოფილიყო წინა ხელისუფლება, ჩვენ 7 მლრდ ლარით დავაფინანსეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამები. ესაა თვალსაჩინო მაგალითი, რისთვისაც, მე მინდა, ჯანდაცვის ყველა მინისტრს გადავუხადო მადლობა. გადავუხადო მადლობა ჩვენს ახალ მინისტრს, ზურაბ აზარაშვილს. მან კიდევ უფრო მეტი პროგრამა დაამატა. წელს დაემატა, შარშანაც დაემატა სხვა პროგრამები და მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავარი გამოწვევა ახლა არის ხარისხი, ხარისხიანი ჯანდაცვის მიწოდება ჩვენი მოქალაქეებისთვის. ამ მიმართულებით ძალიან ბევრი გაკეთდა, მაგრამ კიდევ ბევრი არის გასაკეთებელი, ამიტომ ჩვენ დიდი იმედი გვაქვს ჩვენი პატივცემული ექიმების, მთელი მედპერსონალის, მთელი სექტორის ჩართულობის, თქვენი დახმარების. მინდა, ყველა ექიმს, ექთანს, მთელ მედპერსონალს გადაგიხადოთ მადლობა. მინდა, სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს გულწრფელი მადლიერება დაგიდასტუროთ“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.