ირაკლი ღარიბაშვილი - აშშ-სთან გვაქვს უნიკალური თანამშრომლობა, აბსოლუტური ნდობა, ხოლო აშშ-ს რეგიონში ჰყავს ერთ-ერთი ყველაზე საიმედო დასაყრდენი ჩვენი სახით
აშშ-სთან ურთიერთობას, ნდობას სჭირდება მოფრთხილება, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ ქაოსი, დესტაბილიზაცია, რომელიც რეგიონში მიმდინარეობს, გადმოვიდეს ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრების შეკითხვებზე საპასუხოდ განაცხადა.
„ჩვენი მთავარი, საიმედო სტრატეგიული პარტნიორი არის ამერიკის შეერთებული შტატები, რომელთანაც ჩვენ გვაქვს ძალიან ღია, მეგობრული, უმაღლესი დონის თანამშრომლობა ყველა სფეროში. დღემდე თავდაცვის სამინისტროს წარმოვადგენდი. მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენ გვაქვს უნიკალური თანამშრომლობა, აბსოლუტური ნდობა შტატებთან და აშშ-ს ჩვენს რეგიონში ჰყავს ერთ-ერთი ყველაზე საიმედო დასაყრდენი პარტნიორი ჩვენი სახით. ამ ურთიერთობას, ამ ნდობას სჭირდება მოფრთხილება და ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ ის ქაოსი, დესტაბილიზაცია, რომელიც რეგიონში მიმდინარეობს, გადმოვიდეს ჩვენს ქვეყანაში. ეს უკვე ვნახეთ 2008 წლის ომის პირობებში, ეს აღარ განმეორდება“, – დასძინა ირაკლი ღარიბაშვილი.