საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც სენატორი ჯინ შაჰინი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება რესპუბლიკელი სენატორი ოჰაიოს შტატიდან რობ პორტმანი.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზეა დაფუძნებული.
„საუბარი შეეხო იმ მიღწევებს, რაც ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ყველა სფეროს მოიცავს. აღინიშნა, რომ საქართველო მზად არის აშშ-თან უკვე არსებული მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის.
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისა და ნატო-ში გაწევრიანების გზაზე ქვეყნის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით, საქართველო-აშშ-ის მჭიდრო თანამშრომლობაზე.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე მდგომარეობაზე საუბრისას, ხაზი გაესვა აშშ-ის მხარდაჭერის როლს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში. სენატორებმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურეს აშშ-ის კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას.
„პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი 19 აპრილის შეთანხმების ერთგულია და მისი განხორციელებისთვის შესაბამის ნაბიჯებს დგამს.
კონგრესმენებმა აღნიშნეს, რომ მათი ვიზიტი წარმოადგენს ორპარტიულ გზავნილს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარში უდგას საქართველოს დემოკრატიის გასაძლიერებლად“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
შეხვედრას საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კელი დეგნანი, სენატორ შაჰინის მრჩეველი პოლიტიკის საკითხებში ემი ინგლიში, სენატორ პორტმანის მრჩეველი პოლიტიკის საკითხებში ტეილორ ქლოზენი, ხოლო საქართველოს მხრიდან – ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის დავით ბაქრაძე დაესწრნენ.