ირაკლი ღარიბაშვილი - არსებული ბიუჯეტი სათანადოდ ვერ პასუხობს იმ მოთხოვნებს, გამოწვევებს და პრიორიტეტებს, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას, უნდა დავიწყოთ თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდაზე აქტიური მუშაობა
თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, არსებული ბიუჯეტი სათანადოდ ვერ პასუხობს იმ მოთხოვნებს, გამოწვევებს და პრიორიტეტებს, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას.
საქართველოს პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე მისთვის დასმული ერთ-ერთი შეკითხვა თავდაცვის ბიუჯეტსა და მის ძირითად პრიორიტეტებს შეეხებოდა. პასუხის გაცემისას ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდაზე აქტიური მუშაობა უნდა დაიწყოს.
მან იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო წლებში საკანონმდებლო ორგანოსგან ამ მიმართულებით მხარდაჭერა ექნება.
„არსებული ბიუჯეტი სათანადოდ ვერ პასუხობს იმ მოთხოვნებს, გამოწვევებს და იმ პრიორიტეტებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. აქედან გამომდინარე, ძალიან კარგად მესმის, რომ ქვეყანაში პანდემიაა და მთავრობას უწევს ძალიან ბევრი პრობლემის, მათ შორის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრა, მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ 2021 წლიდან კიდევ უფრო გაუმჯობესდება მდგომარეობა და ამის შემდეგ ჩვენ მოგვეცემა საშუალება, უფრო მეტი ყურადღება დავუთმოთ თანამედროვე შეიარაღების მიმართულებით შესყიდვებს“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, თავდაცვის უწყება მშპ-ს 2%-ს ინარჩუნებს, 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტი კი, 900 მილიონი ლარი იქნება.
მისივე განცხადებით, მომავალი წლის მთავარი მიმართულება თანამედროვე შეიარაღების შესყიდვა იქნება, მათ შორის ოპერატიული, ტაქტიკური, ასევე სადაზვერვო და საბრძოლო დრონების შესყიდვა; იგეგმება ასევე, ინფრასტრუქტურის მიმართულებით სხვადასხვა პროექტის გაგრძელება, რაზეც 80 მილიონი ლარი დაიხარჯება. „შეიარაღებაში ჯამში, ამერიკული გრანტის ჩათვლით, ალბათ 200 მილიონზე მეტი იქნება მიმართული, რაც მთლიანობაში ნატოს მიერ რეკომენდირებულ პარამეტრებში ჯდება. ვგულისხმობ ბიუჯეტის 20%-ს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ბიუჯეტის კუთხით მიმდინარე წელიც შეაჯამა. მისი თქმით, წელს მთავარი აქცენტი ჯარისკაცზე იყო გაკეთებული, მთავარი პრიორიტეტული მიმართულება იყო ინფრასტრუქტურა, ასევე თანამედროვე შეიარაღების შესყიდვები, თანამედროვე სპეცტექნიკის შესყიდვა. ამ მხრივ მინისტრობის კანდიდატმა თავდაცვის სამინისტროს მიერ 500 ერთეული ძვირადღირებული სპეცტექნიკის შესყიდვასთან დაკავშირებულ კრიტიკას შესაბამისი მაგალითით უპასუხა.
„ძნელია დაეთანხმო ასეთ კრიტიკას, მაშინ როდესაც ამ ადამიანს შეხება არ ჰქონია ჯართან ან თუ ჰქონია, საკვირველია რატომ აქვთ ასეთი კითხვები? მაგალითს გეტყვით – ჯარში ჯარისკაცების გადაადგილება ხდებოდა მოძველებული „კრაზის“ ტიპის ყოფილი საბჭოური ტექნიკით. ხშირად ყოფილა შემთხვევები, როდესაც მაგალითად სენაკიდან ჩამოყვანისთვის შუა გზაზე უჩერდებოდათ ტექნიკა. ჩვენი ჯარი სრულად ამორტიზებული, გაუმართავი ტექნიკით სარგებლობდა. რა თქმა უნდა, ეს არ შეესაბამებოდა იმ სტანდარტებს, რაც არის ნატოს წევრი ქვეყნების მხრიდან მოთხოვნილი“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა.
ირაკლი ღარიბაშვილი მისივე ინიციატივით უწყების მიერ შემუშავებულ გონივრულ პოლიტიკასაც შეეხო, რაც ამ შესყიდვების განსახორციელებლად რამდენიმე წლის განმავლობაში გადახდებს გულისხმობს.
როგორც მან განმარტა, სწორედ ამ მიმართულებით მთავარი აქცენტი გაკეთდა შეიარაღებისა და სპეცტექნიკის შესყიდვაზე 2020 წელს.