ირაკლი ღარიბაშვილი - არჩევნები მშვიდ ვითარებაში წარიმართა, ჩვენმა კანდიდატებმა დამაჯერებლად გაიმარჯვეს, ახლა ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს ხალხის პრობლემების გადაწყვეტა
ირაკლი ღარიბაშვილი - არჩევნები მშვიდ ვითარებაში წარიმართა, ჩვენმა კანდიდატებმა დამაჯერებლად გაიმარჯვეს, ახლა ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს ხალხის პრობლემების გადაწყვეტა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა დამაჯერებლად გაიმარჯვეს.

მისივე თქმით, ახლა მთავარი საზრუნავი უნდა იყოს მოსახლეობის პრობლემების გადაწყვეტა, სიმშვიდის, სტაბილურობის შენარჩუნება და განვითარება.

„ჩვენ რა თქმა უნდა გვახარებს გუშინდელი შედეგი ბათუმში, ჩვენმა კანდიდატმა დამაჯერებლად გაიმარჯვა, 70 პროცენტი აიღო. მინდა, მას მივულოცო. ამით ყოველგვარი სპეკულაცია დასრულებულია. ჩვენ ახლა უნდა შევუდგეთ საქმეს, მხოლოდ საქმე, საქმე და საქმე უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი, ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ხალხის, ჩვენი მოქალაქეების პრობლემების გადაწყვეტა უნდა იყოს ჩვენი მთავარი მიზანი.

არჩევნები ძალიან მშვიდ ვითარებაში წარიმართა, ჩვენმა კანდიდატებმა გაიმარჯვეს დამაჯერებლად ბათუმში, რუსთავში. ჩვენი მთავარი საზრუნავი ახლა უნდა იყოს სიმშვიდის, სტაბილურობის შენარჩუნება და განვითარება. განვითარება უნდა შევიტანოთ ყველა რეგიონსა და ქალაქში. ამ პროცესს მე პირადად გავაკონტროლებ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ბათუმის, რუსთავისა და გარდაბნის შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.