ირაკლი ღარიბაშვილი - არც ერთ დესტრუქციულ ძალას არ მივცემთ პროვოკაციის მოწყობის საშუალებას, ყველას აქვს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, თუ ეს გასცდება კანონს, სახელმწიფო იქნება უკომპრომისო
ჩვენ კარგად გვესმის, რომ ძალიან მძიმე იყო მორიგი მარცხი. მოსახლეობის უმრავლესობა რვაჯერ რომ გეტყვის უარს არჩევნების გზით და დაგამარცხებს მმართველი ძალა, აქედან რაღაც დასკვნა უნდა გამოიტანო გონიერმა და პასუხისმგებლობიანმა პოლიტიკოსმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ყველა პროვოკაციას, რომელიც ოპოზიციის მხრიდან იქნება მომზადებული, შესაბამისი პასუხი გაეცემა.
„რაც შეეხება მათ დესტრუქციულ გეგმებს, ჩვენ კარგად ვიცით, რომ პატიმარ სააკაშვილის გეგმები არის აბსოლუტურად რადიკალური და ანტისახელმწიფოებრივი. ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების წინააღმდეგ არის მიმართული თითოეული მისი გეგმა და მოწოდება, რომელიც მისგან მომდინარეობს. ჩვენ ამის თაობაზე დეტალური ინფორმაცია გვაქვს. ჩვენი სახელმწიფო და მთავრობა ამ არჩევნებით კიდევ უფრო გაძლიერდა. ჩვენ არც ერთ დესტრუქციულ ძალას არ მივცემთ რაიმე სახის პროვოკაციის მოწყობის საშუალებას. ყველა ადამიანსა და ჯგუფს აქვს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება მშვიდობიანი ფორმით. თუ ეს გასცდება კანონის ფარგლებს, სახელმწიფო იქნება უკომპრომისო. ჩვენი არც ერთი ნაბიჯით არ დავიხევთ უკან. ოპოზიციის მხრიდან რაიმე ტიპის დესტრუქცია და პროვოკაცია იქნება აღკვეთილი და ყველა იქნება სამაგალითოდ დასჯილი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.