ირაკლი ღარიბაშვილი - არაფერი არ იქნება, თუ არ გვექნება მშვიდობა, ჩვენ წინააღმდეგ არსებული მეორე პოლიგონად გადაქცევის გეგმა მტრებს კიდევ ერთხელ ჩაუვარდათ
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განაცხადებით, ყველა მიმართულებით, იქნება ეს ტურიზმი, ვაჭრობა, მშენებლობა, წარმოება თუ ექსპორტი, საქართველოს სერიოზული პროგრესი აქვს და ამ ყველაფრის შენარჩუნებისთვის აუცილებელია ქვეყანაში მშვიდობა.
„არაფერი არ იქნება, თუ არ გვექნება ჩვენ მშვიდობა და სტაბილურობა ქვეყანაში. ძალიან რთული მდგომარეობაა მსოფლიოში, ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ასეთი გამოწვევა არ ყოფილა, უკრაინაში რაც ხდება, ვხედავთ, რომ ომი არ ჩერდება და უკრაინის ტერიტორიის დიდი ნაწილი, 20 პროცენტზე მეტი უკვე გადაქცეულია პოლიგონად. მიმდინარეობს გამანადგურებელი ომი, ქალაქები, სოფლები, რაიონები სწორდება მიწასთან. ამის შემჩერებელი არავინ არ არის. ამიტომ ის გეგმა, რაც არსებობდა ჩვენ წინააღმდეგ, უკრაინიზაციის გეგმა და მეორე პოლიგონად გადაქცევის გეგმა, ჩვენს მტრებს, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ჩაუვარდათ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.