ირაკლი ღარიბაშვილი - არ დავუშვებთ ჩვენი ღირსეული პოლიციელების დისკრედიტაციას, სახელმწიფო იქნება უკომპრომისო ყოველი ასეთი მცდელობის მიმართ
სამწუხაროდ, გარკვეული ანტისახელმწიფოებრივი ძალები მუდმივად ცდილობენ პოლიციის და პოლიციელების საქმიანობის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას, რაც არის ყოვლად დაუშვებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფო იქნება უკომპრომისო ყოველი ასეთი მცდელობის მიმართ.
„სამწუხაროდ, ბევრი თქვენგანი შეეწირა ამ გმირულ საქმიანობას. ქედს ვიხრი იმ გმირი პოლიციელების ხსოვნის წინაშე, ვინც ყველაზე ძვირფასი – საკუთარი სიცოცხლე შესწირა ჩვენს ქვეყანას და სამსახურებრივი მოვალეობის დროს, თავი გასწირა ღირსეულად ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხისთვის. მინდა, მადლობა ვუთხრა მათ ოჯახებს, მშობლებს, მეუღლეებს, შვილებს და მინდა ვუთხრა მათ, რომ სახელმწიფო თქვენ გვერდით დგას. ვიცი, რა თქვენი საქმიანობის სიმძიმე, მინდა გითხრათ, რომ არაფერია იმაზე ძვირფასი, იმაზე მეტად საპატიო, ვიდრე საკუთარი სამშობლოსა და საკუთარი ხალხის მსახურება.
სამწუხაროდ, გარკვეული ანტისახელმწიფოებრივი ძალები მუდმივად ცდილობენ პოლიციისა და პოლიციელების საქმიანობის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას, რაც ყოვლად დაუშვებელია. სახელმწიფო იქნება უკომპრომისო ყოველი ასეთი მცდელობის მიმართ და ჩვენ არ დავუშვებთ საკუთარი ღირსეული პოლიციელების დისკრედიტაციას. ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ თქვენთვის, თქვენი სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად, თქვენი სოციალური გარანტიების უზრუნველსაყოფად. დღეს, პოლიცია არის პოლიტიკურად ნეიტრალური უწყება. დღეს, ჩვენ გვყავს ძლიერი, გამართული, პროფესიონალი პოლიცია. ამისთვის, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას. ჩვენ ვამაყობთ თქვენით. თქვენ გყავთ ღირსეული შინაგან საქმეთა მინისტრი. მინდა, მადლობა ვუთხრა ვახტანგ გომელაურს. თითოეულ პოლიციელს კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას და გისურვებთ წარმატებას. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.