ირაკლი ღარიბაშვილი - აპრილის თვეში დაფიქსირდა ეკონომიკის 44.8 პროცენტით ზრდა, რაც არის ნამდვილად უპრეცედენტო და ძალიან პოზიტიური
ირაკლი ღარიბაშვილი - აპრილის თვეში დაფიქსირდა ეკონომიკის 44.8 პროცენტით ზრდა, რაც არის ნამდვილად უპრეცედენტო და ძალიან პოზიტიური

მინდა, დღევანდელი სხდომა დავიწყო ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური ინფორმაციის მოწოდებით. მოგეხსენებათ, დღეს გამოქვეყნდა აპრილის თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რომელიც არის უპრეცედენტოდ მაღალი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აპრილის თვეში დაფიქსირდა ეკონომიკის 44.8 პროცენტით ზრდა, თითქმის 45%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც არის ნამდვილად უპრეცედენტო და ძალიან პოზიტიური.

იანვარ-აპრილის საშუალო ზრდა გამოვიდა 8%-ზე მეტი, 8.1%, რაც არის ძალიან სასიხარულო ინფორმაცია. გასული წლის აპრილში საქართველოს ეკონომიკაში ძალიან დაბალი კლება გვქონდა, ეს გასაგებია.

რა თქმა უნდა, ჩვენ ვთვლით, რომ წელს ეკონომიკა გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპით გაიზრდება, ვიდრე ჩვენს წინა პროგნოზებში გვქონდა ნავარაუდევი.

დღეს, მთავრობის სხდომაზე, ფინანსთა მინისტრი წარმოგვიდგენს მიმდინარე წლისა და საშუალოვადიანი პერიოდის ეკონომიკური პროგნოზის მაჩვენებლებს. მნიშვნელოვანია, რომ განახლებული მაჩვენებლები გაცილებით პოზიტიურია. რამდენიმე მაგალითი მინდა მოგიყვანოთ; კერძოდ, აპრილში, ექსპორტი გაიზარდა 70%-ით, ფულადი გზავნილები – 144%-ით და ძალიან პოზიტიურია, რომ ბიუჯეტის შემოსავლების დინამიკა არის ასევე ძალიან დამაჯერებელი და ოპტიმისტური“, –  აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა ტურიზმის აღდგენაზე და ხაზი გაუსვა, რომ ხვალიდან, სახმელეთო საზღვრების გახსნა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სტიმული იქნება ეკონომიკის აღდგენის მიმართულებით.

„ჩვენ ველოდებით ტურიზმის სწრაფ აღდგენას. ბუნებრივია, რომ ხვალიდან, სახმელეთო საზღვრების გახსნა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სტიმული იქნება ჩვენი ეკონომიკის აღდგენის მიმართულებით. დღეს წარმოდგენილი ახალი ფისკალური გეგმები ითვალისწინებს ბიუჯეტის დეფიციტის 7.1%-მდე შემცირებასაც. ამაზე, უფრო დეტალურად, ბატონი მინისტრი მოგვახსენებს.

აქვე მინდა ვთქვა, რომ აუცილებელია აღინიშნოს პოლიტიკური სტაბილურობის როლი ეკონომიკურ ცხოვრებაში. პოლიტიკური სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი კერძო სექტორისთვისაც, ინვესტორების მოზიდვისთვის ჩვენს ქვეყანაში. დაახლოებით ერთი თვის წინ განთავსებული ევრობონდები, მოგეხსენებათ, ძალიან დაბალი საპროცენტო განაკვეთით, ინვესტორთა ნდობის კიდევ ერთი დადასტურებაა. ყველაფერი ეს მიუთითებს იმაზე, რომ დაწყებულია ეკონომიკის ძალიან სწრაფი აღდგენა და ეს არის ძალიან მოსალოცი ამბავი“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 44.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.1 პროცენტია.