ირაკლი ღარიბაშვილი ანტონიუ გუტერეშს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი ანტონიუ გუტერეშს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს გენერალურ მდივან ანტონიუ გუტერეშს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურის ნიუ იორკში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მსოფლიოში არსებული ვითარება და გამოწვევები მიმოიხილეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა ანტონიუ გუტერეშს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ აფასებს გაერო-ს ჩართულობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში.

„ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის ერთგულია, რაც საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციასა და საოკუპაციო ხაზით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად.

საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს და მის გავლენას მსოფლიოზე. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომმა საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურა და წესებზე დაფუძნებული წესრიგი მთლიანად შეარყია“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, საუბარი შეეხო სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

„ხაზი გაესვა ირაკლი ღარიბაშვილის ძალისხმევით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ შეთანხმებას, რომლის შედეგადაც აზერბაიჯანმა სომეხი ტყვეები გაათავისუფლა, თავის მხრივ კი, სომხეთმა აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი რუკები გადასცა. პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, კვლავაც შეასრულოს მედიატორის როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.