ირაკლი ღარიბაშვილი - ანტიევროპული, რადიკალური ძალები სტატუსის საკითხს მეტი პოლარიზაციისთვის იყენებენ, ევროპელ მეგობრებს თუ ნამდვილად სურთ პოლარიზაციის დასრულება, მაშინ საქართველოს სტატუსი უნდა მისცენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე უარის შემთხვევაში ქვეყანაში პოლარიზაცია კიდევ უფრო გაღრმავდება.
როგორც ღარიბაშვილმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ევროპელ მეგობრებს თუ ნამდვილად სურთ საქართველოში პოლარიზაციის დასრულება, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი უნდა მისცენ.
„მიმაჩნია, რომ პოლარიზაცია არათუ შემცირდა შარშანდელი გადაწყვეტილებიდან მოყოლებული, როცა არ მიეცა სტატუსი საქართველოს, არამედ უფრო მეტად გაღრმავდა. ეს ავხსენი ვრცლად ჩემს სიტყვაში, რომ ყველაზე ანტიევროპული და რადიკალური ძალები ამ საკითხს იყენებენ უფრო მეტი პოლარიზაციისთვის, პოლარიზაციის გაღრმავებისთვის. ის ძალები, რომელთაც რეალური, ხელშესახები არაფერი გაუკეთებიათ ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციისთვის. ამიტომ, რა თქმა უნდა, ძალიან მარტივი ასახსნელი და ლოგიკური იქნებოდა, გვეთქვა, რომ სტატუსის არმოცემის შემთხვევაში პოლარიზაცია უფრო მეტად გაღრმავდება. ამიტომ, თუ ჩვენს ევროპელ მეგობრებს ნამდვილად სურთ პოლარიზაციის დასრულება საქართველოში, მაშინ ყველა ამ ფაქტორის, გარემოების გათვალისწინებით, რაც არის გეოპოლიტიკა, ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები და ა.შ., ქვეყანას წლის ბოლოს უნდა მისცენ კანდიდატის სტატუსი. ეს, როგორც მინიმუმ, გაანახევრებს პოლარიზაციის ხარისხს. ეს არის ჩემი გულწრფელი შეფასება“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.