ირაკლი ღარიბაშვილი ანკარაში ქართველ იუნკერებს ​შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი ანკარაში ქართველ იუნკერებს ​შეხვდა

თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველ იუნკერებს ანკარაში შეხვდა.

მომავალი ქართველი ოფიცრები გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმატებით დასრულების შემდეგ სამხედრო პროფესიას თურქეთის საერთო საჯარისო სასწავლებელში ეუფლებიან.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველ იუნკერებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ განათლებული და პროფესიონალი ახალი თაობის ოფიცრები საქართველოს თავდაცვის ძალებს კიდევ უფრო განავითარებს და წარმატებულს გახდის. მინისტრმა იუნკერებს საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმებიც გააცნო და სოციალური მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

იუნკერებმა თავდაცვის მინისტრს შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ თურქეთის სამხედრო სასწავლებელში მიღებული ცოდნა მათ საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერებასა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში გამოადგებათ.