ირაკლი ღარიბაშვილი - ამდენი ვიომეთ ავღანეთში, ერაყში, კანდიდატის სტატუსი კი დსთ-ს წევრს მისცეს, ამაზე ჩვენს უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს არ ჰქონდათ რეაქცია, ამაში ჩანს, როგორ იცავენ ქვეყნის ინტერესებს
აჟიოტაჟი გამოიწვია ჩემმა განცხადებამ ბრატისლავაში, რომელიც კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო. ვთქვი, რომ ამ დიდი ომის ერთ-ერთი მიზეზი – და არა ერთადერთი – იყო უკრაინის სურვილი, გამხდარიყო, თუ გახდეს ნატო-ს წევრი. ვთქვი, რომ არ მინდა რუსეთის ხელისუფლების, მათი განცხადებების ციტირება, რადგან კითხვა იყო, როგორ ფიქრობთ, რატომ დაიწყო ომი? – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, მეორე დღესვე ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ომის ერთ-ერთი მიზეზი არის უკრაინის სურვილი, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი.
„ამით ვაჩვენე, რომ უკრაინას, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, სურვილი ჰქონდა, გამხდარიყო და გახდეს ევროკავშირის, ნატო-ს წევრი ქვეყანა და მეორე ის იყო, რომ ესე იგი არ მინდოდა, მომეხდინა ციტირება. მინდა, შეგახსენოთ ყველას, რომ მეორე დღესვე ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი გამოვიდა, მან თქვა, რომ ამ ომის ერთ-ერთი მიზეზი არის, რომ უკრაინას აქვს სურვილი, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. ახლა მინდა, კითხვა დავუსვა ამ ბრძენ კრიტიკოსებს, რომლებიც არ ჩერდებიან და ჯობია, გაჩერდნენ, უფრო მეტის თქმა შეგვიძლია და არ გვინდა, რომ ვთქვათ. ურსულა ფონ დერ ლაიენის გამოსვლიდან რამდენიმე საათში ბატონი მაკრონი გამოვიდა, რომელმაც განაცხადა იგივე, კიდევ უფრო მეტიც. ჩვენ მოვისმინეთ პრეზიდენტ მაკრონის განცხადება, რომ უკრაინას და საქართველოს მიეცა ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივა ყოველგვარი უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, რამაც გამოიწვია საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის აგრესია. ახლა მინდა, კითხვა დავუსვა ყველას, რატომ არ აკრიტიკებენ ბატონ მაკრონის განცხადებას ან ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებას და კითხვა სად რჩება?
ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია იგივე ჩვენს ომთან დაკავშირებით, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ყოფილა ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ეს ყველაფერი არის გამოწვეული იქიდან, რომ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს არ სურთ რეალურად ჩვენი ქვეყნის ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანება. მე ვერაფრით ვერ ვხსნი უბრალოდ, ასეთ სიტუაციაში, ასეთ რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში, რატომ უნდა იყოს დაინტერესებული რომელიმე ექსპერტი იქნება თუ მთავრობის ყოფილი წევრი ნებისმიერი ქვეყნის, არასწორი ინტერპრეტირებით, დამახინჯებით და არასწორი განცდების შექმნით. ეს ემსახურება ერთ მიზეზს, მე ეს არაერთხელ მითქვამს. ღია საუბარი მქონია ნატო-ს ხელმძღვანელობასთან, მოქმედთან და წინა ხელისუფლებასთან, წინა პრემიერ-მინისტრობის დროს. მათთან მქონდა პირდაპირი საუბარი, მე არ მინდა, საუბრის შინაარსი გამოვიტანო, მაგრამ ბუნდოვანი იყო და დღესაც ბუნდოვანია საერთოდ. მე ვეუბნები, რომ დღეს ქვეყანას ნატო-სთან სრულად თავსებადი ჯარი ჰყავს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოდან მისიებმა იომეს ავღანეთში, ერაყში და ყველგან, თუმცა საქართველოსთვის შარშან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს კანდიდატის სტატუსის მიცემა.
„ჩვენ ამდენი ვიომეთ ავღანეთში, ერაყში, ყველგან, სისხლი დავღვარეთ და ბოლოს, შარშან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს კანდიდატის სტატუსი, მაშინ როდესაც დსთ-ს წევრ ქვეყანას მისცეს კანდიდატის სტატუსი. ამაზე ჩვენს უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს არ ჰქონდათ არავითარი რეაქცია, ამაში ჩანს, როგორ იცავენ ეს ადამიანები ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. მინდა, შეგახსენოთ, გუშინ თუ გუშინწინ გავრცელდა ბატონი ზელენსკის ინფორმაცია ამის თაობაზე, თითქოს მან თქვა, რომ თუ რეალური დაპირება არ იქნება, უკრაინაც ვერ ხედავს აზრს, რომ დაესწროს ვილნიუსის სამიტს, ეს უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაა. ამაზე უნდა გააკეთოთ სიუჟეტები და არა ყალბ, მოგონილ ამბებზე. ეს იქნება ჩემი რჩევა. ამ რთულ სიტუაციაში ჩვენს ქვეყანას უნდა ვუსურვოთ მშვიდობა. ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანმა უნდა იფიქროს მშვიდობაზე, მშვიდობის შენარჩუნებასა და სტაბილურობაზე და ჩვენი ქვეყნის გადარჩენაზე. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, ძალიან ბევრი შიდა თუ გარე მტრის სურვილების მიუხედავად“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.