ირაკლი ღარიბაშვილი - ამბავი ატეხეს, რომ სამხედრო ექსპერტი დააკავეს, სამხედრო ექსპერტი კი არა, კრიმინალი ყოფილა, ამაზე სამართალდამცავი სტრუქტურები შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ
ამბავი ატეხეს, რომ სამხედრო ექსპერტი დააკავეს. სამხედრო ექსპერტი კი არა, ავადმყოფი და კრიმინალი ყოფილა ეს ადამიანი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბლოგერ უჩა აბაშიძის საქმის დღეს გასაჯაროებულ დეტალებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
მისი თქმით, პოლიცია და სამართალდამცავი სტრუქტურები შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.
„მე არ მომისმენია ბრიფინგი, მაგრამ ინფორმაცია, რაც მითხრეს, კატასტროფაა. ამ ადამიანზე ამბავი ატეხეს, რომ სამხედრო ექსპერტი დააკავეს. სამხედრო ექსპერტი კი არა, ავადმყოფი და კრიმინალი ყოფილა ეს ადამიანი. მე არ ვარღვევ უდანაშაულობის პრეზუმფციას, მაგრამ ეს ადამიანი თუ ამას ჩადიოდა, გარდა იმისა, რომ ეს ავადმყოფობაა და საშინელებაა, არის დასჯადი ქმედება. სახლში ვიღაცები თუ მიჰყავდა და თვითონ წერდა, კატასტროფაა, ამაზე პოლიცია და სამართალდამცავი სტრუქტურები შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბლოგერ უჩა აბაშიძის მეუღლის, მარი იაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადება გაავრცელა. უწყების განცხადებაშია აღნიშნული, რომ უჩა აბაშიძემ, მეუღლესთან ერთად, განიზრახა სხვადასხვა პირთა ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვება და შენახვა.