ირაკლი ღარიბაშვილი - „ამბასადორ ბათუმი აილენდის“ უმსხვილესი საინვესტიციო პროექტი ხელს შეუწყობს ბათუმის ისედაც ძლიერი საერთაშორისო რეპუტაციის ზრდას და აჭარის ეკონომიკურ წინსვლას
ჩვენ დღეს ვიწყებთ უნიკალურ, მსოფლიო სტანდარტების შესაბამის პროექტს, რომელიც მართლაც გამორჩეულია ჩვენს რეგიონში, ეს არის პროექტი, რომელიც მოიცავს ორ ხელოვნურ ნახევარკუნძულს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ამბასადორ ბათუმი აილენდის“ მშენებლობის კაფსულის ჩაგდების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამ პროექტში სულ მცირე 100 მილიონი დოლარი დაიხარჯება და 2000 ადგილობრივი დასაქმდება.
„მინდა, ყველას დიდი პატივისცემით მოგესალმოთ და მოგილოცოთ დღევანდელი დღე. ჩვენ დღეს ვიწყებთ, მე ვიტყოდი, უნიკალურ მსოფლიო სტანდარტების შესაბამის პროექტს, რომელიც მართლაც გამორჩეულია ჩვენს რეგიონში. ეს არის პროექტი, რომელიც მოიცავს ორ ხელოვნურ ნახევარკუნძულს, ასევე აშენდება ერთი კუნძული, რომელიც გააერთიანებს გასართობ-გამაჯანსაღებელ, სპორტულ, საგანმანათლებლო კომერციულ საცხოვრებელ ტურისტულ მიმართულებებს. დარწმუნებული ვარ, რომ რეგიონში უმსხვილესი საინვესტიციო პროექტი ხელს შეუწყობს ბათუმის ისედაც ძლიერი საერთაშორისო რეპუტაციის ზრდას და აჭარის ეკონომიკურ წინსვლას. მინდა, მივესალმო პროექტის ინიციატორს და ჩვენს ინვესტორს, „ამბასადორი ჯგუფის“ ხელმძღვანელს, ბატონ ქებურიას და მის ოჯახს. მინდა, მადლობა გადავუხადო „ამბასადორი ჯგუფს“, ვინაიდან ამ კომპანიას მრავალი ათეული მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვს უკვე განხორციელებული და თამამად შეიძლება ითქვას, რომ მათ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მართლაც უნიკალური პროექტები აქვთ შექმნილი, მათ შორის თბილისში, კახეთში, აჭარაში. ახლა უკვე ასეთია ჩვენი ქვეყნისა და მთელი რეგიონისთვის უნიკალური პროექტი. მადლობა ინვესტორს. ამ პროექტში სულ მცირე 100 მილიონი დოლარი დაიხარჯება. საწყის ეტაპზე ასეა დაანონსებული და დასაქმდება 2000 ადგილობრივი ჩვენი მოქალაქე.
მშენებლობის ნებართვის გაცემამდე კომპანიამ და მისმა დამფუძნებელმა, ყველა, პროცედურა გაიარეს, გაატარეს ამ პროექტის ექსპერტიზა, ჩართული ჰყავდათ შესაბამისი კვლევითი ინსტიტუტები, უმაღლესი კლასის პროფესიონალების მიერ არის ჩატარებული აღნიშნული პროექტი. მინდა, ვთქვა, რომ ჩვენი ეს პროექტი შეესაბამება ეკოლოგიურ და უსაფრთხოების სტანდარტებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბათუმელებისთვის, აჭარლებისთვის. მინდა, მადლობა გადავუხადო „ამბსადორ ჯგუფს“, პროექტის ავტორებს, ინიციატორებს. ეს მართლაც უნიკალური პროექტი ყველას გვახარებს. მინდა, ჩვენი მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ამ ჯგუფს და სრული მხარდაჭერა გამოგიცხადოთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.