ირაკლი ღარიბაშვილი - ამ რთულ ვითარებაში ჩვენთვის მთავარი სახელმძღვანელო, პრინციპი და კონსტიტუცია არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები
ჩვენმა ხელისუფლებამ ამ მეტად რთულ ტურბულენტურ გეოპოლიტიკურ ვითარებაში მოვახერხეთ და შევინარჩუნეთ მშვიდობა, სტაბილურობა, ძლიერი ეკონომიკური განვითარება, რამაც უკვე კონკრეტული, ხელშესახები შედეგების მოიტანა ჩვენი ხალხისთვის, საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩების კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველო არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ეკონომიკა.
„ჩვენმა ხელისუფლებამ ამ მეტად რთულ ტურბულენტურ გეოპოლიტიკურ ვითარებაში მოვახერხეთ ის, რომ შევინარჩუნეთ მშვიდობა, სტაბილურობა, ძლიერი ეკონომიკური განვითარება, რამაც უკვე კონკრეტული, ხელშესახები შედეგების მოიტანა ჩვენი ხალხისთვის, საზოგადოებისთვის. რა თქმა უნდა, კარგად მესმის ის სირთულეები, რომლებიც დღეს რჩება ჩვენს ქვეყანაში. მთავარი გამოწვევა, ბუნებრივია, არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია და, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი არის ოკუპირებული, ვერ ვახორციელებთ კონტროლს ჩვენს ტერიტორიებზე. ამას გარდა, რა თქმა უნდა, გამოწვევად რჩება ჯერ კიდევ მაღალი უმუიშევრობის დონე, სიღარიბის დონე, თუმცა წელს ძლიერი ეკონომიკური განვითარების შედეგად, სიღარიბისა და უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმზე ჩამოვიდა, ასევე ქვეყნის ეროვნული რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა.
ამ რთულ სიტუაციაში, ჩვენთვის მთავარი სახელმძღვანელო, პრინციპი, კონსტიტუცია – ამ სიტყვას გამოვიყენებ, არ მოვერიდები, არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. ჩვენ დღეს ვიმყოფებით გარემოში, სადაც ყოველდღე იცვლება მსოფლიო წესრიგი და ვხედავთ, რომ ჯერჯერობით ამ პროცესის გაჩერება შეუძლებელია. ამიტომ, ასეთ ვითარებაში, არ გვაქვს უფლება, არ ვიხელმძღვანელოთ მხოლოდ ეროვნული ინტერესებით. შესაბამისად, სახეზე არის კონკრეტული შედეგი. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვიდა ეროვნული მთავრობა და ეროვნული ინტერესების გამტარებელი ხელისუფლება, დაიწყო კონკრეტული შედეგების მოტანა ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის, ეს არის რეალობა“, – განაცხადა პრემიერმა.