ირაკლი ღარიბაშვილი - ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების საქმეში ჩართულია დამოუკიდებელი ექსპერტი, რათა არც ერთ კითხვაზე არ დარჩეს გაუცემელი პასუხი
ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების საქმეში ჩართულია დამოუკიდებელი, საერთაშორისო ექსპერტი, რათა არც ერთ კითხვაზე არ დარჩეს გაუცემელი პასუხი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა ოპერატორ ლექსო ლაშქარავას ოჯახს დღეს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
„მსურს, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი გულწრფელი მწუხარება და სამძიმარი გამოვუცხადო ალექსანდრე ლაშქარავას ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს და ყველას. ნებისმიერი ადამიანის გარდაცვალება არის ტრაგედია, მნიშვნელობა არ აქვს, რა მიზეზი შეიძლება, ამის უკან იყოს. მინდა, მოსახლეობას ვუთხრა, რომ შსს აქტიურად მუშაობს. გუშინვე ჩაატარა, ძალიან ოპერატიულად შესაბამისი სამუშაოები. მოგახსენებთ, რომ დანიშნულია ექსპერტიზა. გარდაცვლილის ოჯახის ინიციატივითა და ტელევიზიის მოთხოვნით პროცესში ჩართულია დამოუკიდებელი ექსპერტი და ყველა კითხვას უმოკლეს ვადებში გაეცემა ამომწურავი, სრულყოფილი პასუხი.
ამას გარდა, ვახტანგ გომელაურის უწყებამ გუშინვე გააკეთა მიმართვა და განაცხადა, რომ დამოუკიდებელი, საერთაშორისო ექსპერტი ჩაერთვება საქმეში, რათა არც ერთ კითხვაზე არ დარჩეს გაუცემელი პასუხი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.