ირაკლი ღარიბაშვილი - „აირაის“ შეფასება არის კიდევ ერთი მკაფიო პასუხი აბსურდულ ბრალდებებზე, თითქოს არჩევნები გაყალბდა
„აირაის“ შეფასება არის კიდევ ერთი მკაფიო პასუხი აბსურდულ ბრალდებებზე, თითქოს არჩევნები გაყალბდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მან კომენტარი გააკეთა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ანგარიშთან დაკავშირებითაც. ღარიბაშვილის თქმით, „აირაის“ შეფასებით, საპარლამენტო არჩევნები იყო ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული, თავისუფალი, კონკურენტული და მშვიდობიანი.
„რაც შეეხება დიალოგს და ზოგადად ანგარიშს, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, ვნახეთ ოდირის ანგარიში, ძალიან პოზიტიური, რომელმაც კიდევ ერთხელ შეაჯამა არჩევნების შედეგები და კარგად მოგეხსენებათ, რომ არჩევნები არის მიჩნეული, როგორც კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარებული, თავისუფალი და დემოკრატიული.
გუშინ ჩვენ გავეცანით საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის არჩევნების შეფასებას. კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო, რომ მათი შეფასებით, ეს არჩევნები იყო ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული, თავისუფალი, კონკურენტული და მშვიდობიანი, რაც არის კიდევ ერთი მკაფიო პასუხი ჩვენი დასავლელი პარტნიორების, საერთაშორისო ინსტიტუტების მხრიდან იმ აბსურდულ ბრალდებებზე, თითქოს არჩევნები გაყალბდა. მინდა, კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია და გამჭვირვალე, ვართ მზად, რომ გავაგრძელოთ დიალოგი, რათა დასრულდეს ეს შეთანხმება რეალური შედეგით და ქვეყანამ დაიწყოს ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება, რათა ის, რაც იყო ჩვენი ხალხის დაკვეთა, რომ პარლამენტში შევიდნენ პოლიტიკური პარტიები და დაიწყოს ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება და ეს ჩვენ ყველამ ერთად ვიხილოთ ძალიან მალე. ამის იმედი გვაქვს შეთანხმების შედეგად“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ტექნიკური შეფასების ანგარიში გამოაქვეყნა.
IRI-ს ანგარიშის მიხედვით, შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებულ ხარვეზებს გავლენა არ მოუხდენიაარჩევნების საბოლოო შედეგებზე.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, „გაერთიანებული ოპოზიციის“ მიერ დაარსებულმა ხმის გაყალბების აღმოჩენის ცენტრმა, „როგორც ჩანს, ვერ მოახერხა საჭირო მტკიცებულებების შეგროვება საჩივრების დასადასტურებლად“.