ირაკლი ღარიბაშვილი - აგვისტოს ომზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი აღიარება, საქართველომ გაიმარჯვა ამ დავაში და მისალოცია თითოეული ქართველისთვის
ეს არის მნიშვნელოვანი აღიარება და გამარჯვება, საქართველომ გაიმარჯვა ამ დავაში და ეს მისალოცია თითოეული ქართველისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას აღნიშნა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით გამოტანილ განაჩენს ეხებოდა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, აგვისტოს ომი ძალიან მძიმე შედეგებით დასრულდა საქართველოსთვის და მოსახლეობისთვის.
„აქ კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ ის სამარცხვინო საქციელი, რომელიც უკავშირდება „ნაციონალურ მოძრაობას“ და პირადად სააკაშვილს აგვისტოს ომის პროცესში. კარგად გამოჩნდა მისი ლაჩრული სახე და მოღალატეობრივი საქმიანობა, როგორ ჩააბარა მოღალატეობრივად კოდორის ხეობა, ასზე მეტი სოფელი და ათასობით ადამიანი აქცია დევნილობაში. ეს არის „ნაცმოძრაობის“ ხელწერა. ორგანიზაცია, მმართველი, რომლის პერიოდშიც დაიკარგება ტერიტორიები და დაკანონდება ოკუპაცია, საერთოდ როგორ უნდა ბედავდეს არათუ ხელისუფლებაში მოსვლაზე საუბარს, არამედ პოლიტიკაში დარჩენას. ამიტომ დღეს რეალობა არის შემდეგი, რომ მთავარი მასხარა, ეს ბელადი არის ციხეში, რადგან მან მძიმე დანაშაული ჩაიდინა და ყველა დამნაშავე წარსდგება მართლმსაჯულების წინაშე. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რა თანამდებობას იკავებდა, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამკვიდროთ პრაქტიკა, რომ არც ერთი ადამიანი არ დგას და ვერ იქნება კანონზე მაღლა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეებზე – „ბეკოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და „შავლოხოვა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“- განჩინებები გამოაქვეყნა და საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა.