ირაკლი ღარიბაშვილი - „ადვოკატთა სახლის“ გახსნა მნიშვნელოვანი მოვლენაა, ასოციაციის ინფრასტრუქტურის განვითარება ხელს შეუწყობს მაღალ დონეზე შეუფერხებელ საქმიანობას
„ადვოკატთა სახლის“ გახსნა არაერთი თვალსაზრისით მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენს დღევანდელობაში, მჯერა, ასოციაციის ინფრასტრუქტურული განვითარება ხელს შეუწყობს საქმიანობის მაღალ დონეზე შეუფერხებლად განხორციელებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ახალი ოფისის, „ადვოკატთა სახლის“ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ასოციაცია, რომელიც უკვე 5 ათას წევრზე მეტს აერთიანებს, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის, კანონის უზენაესობის განმტკიცების, ზოგადად, დამოუკიდებელი, ხარისხიანი და ეთიკური მართლმსაჯულების უზრუნველყოფის პროცესში.
„თქვენ ღირსეულად აგრძელებთ დამოუკიდებელი ადვოკატურის იმ ტრადიციებს, რომლებსაც საფუძველი ჯერ კიდევ ას წელზე მეტი ხნის წინ, პირველი რესპუბლიკის პერიოდში ჩაეყარა. ამისთვის, კიდევ ერთხელ მინდა, მთავრობის სახელით მადლობა გადაგიხადოთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, „ადვოკატთა სახლის“ გახსნა არაერთი თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი მოვლენა.
„პირველ რიგში, ასოციაციის ინფრასტრუქტურული განვითარება, მჯერა, ხელს შეუწყობს თქვენი საქმიანობის მაღალ დონეზე შეუფერხებლად განხორციელებას. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ნაბიჯია გადადგმული ე.წ. მართლმსაჯულების უბნის კონცეფციის რეალობად ქცევისკენ. მოგეხსენებათ, თბილისის საქალაქო სასამართლოს, საქალაქო და რაიონული პროკურატურებისა და ადვოკატთა ასოციაციის ერთ არეალში განთავსება წაახალისებს იურიდიულ პროფესიებს შორის დიალოგსა და თანამშრომლობას.
დარწმუნებული ვარ, ეს კონცეფცია ჩვენი ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემის სავიზიტო ბარათად იქცევა. ასევე მინდა, აღვნიშნო, რომ ყველასთვის სასიხარულოა ახალი სათავო ოფისის შენობა, რომლის დიზაინმაც მოიპოვა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო და ჩვენს ქალაქს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი არქიტექტურული ნაგებობა შეემატა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.