ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ „გირჩი“ სამხედრო სავალდებულო სამსახურის კუთხით სახელმწიფოს ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევა
თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ „გირჩი“ სამხედრო სავალდებულო სამსახურის კუთხით სახელმწიფოს ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევა.
სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა.
„მინდა, გამოვყო ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. ეს არის სავალდებულო სამხედრო სამსახური. ჩემთვის ეს, თუნდაც გარედან მაყურებლისთვის, იყო ძალიან მტკივნეული პროცესი. ის, რაც ამ ბოლო წლების განმავლობაში განვითარდა, იყო პირდაპირი კატასტროფა. პირდაპირ ვიტყოდი – ტრაგედია ჩვენი ერისთვის. ვგულისხმობ პოლიტიკური მოძრაობისა და ჩვენი ოპონენტების – „ნაცმოძრაობის“ და მათთან აფილირებული წევრების, ე.წ. „გირჩის“ საქმიანობას. მოგეხსენებათ, ხდება პირდაპირი დეგრადაციის მცდელობა ჩვენი საზოგადოების, ჩვენი მომავალი თაობის, რაც არის ყოვლად დაუშვებელი. მე არ მოვერიდები და ყოველგვარი პოლიტკორექტულობის გარეშე მინდა აღვნიშნო, რომ ამ ორგანიზაციის თუ სექტის საქმიანობა პირდაპირ ჩვენი სახელმწიფოსა და ჩვენი ჯარის ძლიერებას ძირს უთხრის.
მჯერა, რომ ამაზე თქვენთან ერთად ვიმუშავებთ და ეს იქნება ერთ-ერთი პირველი ამოცანა და საზრუნავი ჩემი მინისტრობის, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადებში ეს საკითხი იქნება დარეგულირებული“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, სავალდებულო სამხედრო სამსახური უნდა ორგანიზდეს იმ ფორმით, როგორიც არის აპრობირებული მთელ ცივილიზებულ სამყაროში.