ირაკლი ღარიბაშვილი - 9 აგვისტოს ვიხილეთ სააკაშვილის სამარცხვინო სიცილი, ვითომ უშიშროების საბჭოს სხდომაზე, მაშინ, როცა ჩვენი გმირი ჯარისკაცები იხოცებოდნენ, ეს სხვა არაფერია, თუ არა ღალატი
ძალიან ბევრი სპეკულაცია მოვისმინე ჩემს განცხადებასთან დაკავშირებით. ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულმა იმ უმძიმესმა პროვოკაციამ, რომელიც არ თუ ვერ აიცილა სააკაშვილის მოღალატეობრივმა პოლიტიკამ, გამოიწვია ძალიან მძიმე შედეგების დაყენება ჩვენი ქვეყნის რეალობაში, რაც არის რუსეთის მიერ 20%-ის ოკუპაცია და ჩვენი ძირძველი ტერიტორიების ე.წ. აღიარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
„მათ შორის ძირძველი ტერიტორიის, რომელსაც მოღალატე სააკაშვილი, ვგულისხმობ ცხინვალის რეგიონს, უწოდებდა ქვების გროვას. ეს მისი სიტყვებია. მოსახლეობას მინდა შევახსენო, სწორედ ეს ადამიანები, რომლებიც დღეს გამოდიან, ბედავენ პოლიტიკაში დარჩენას, ის ძალა, რომელმაც ქვეყნის ტერიტორიის 20% დაუკანონა რუსეთს და ოკუპაცია მოახდენინა. უამრავი ადამიანი ჩაიხოცა, შემდეგ კონცერტი მოაწყვეს, სამარცხვინო, კატასტროფული სიტუაცია ვიხილეთ. 9 აგვისტოს ვიხილეთ სააკაშვილის სამარცხვინო სიცილი, ვითომ უშიშროების საბჭოს სხდომაზე, მაშინ, როცა ჩვენი გმირი ჯარისკაცები იხოცებოდნენ, ეს არის სხვა არაფერი, თუ არა ღალატი ჩვენი ხალხის და ქვეყნის. წინა ხელისუფლების ლიდერები, მათ შორის ბევრს რომ ლაპარაკობს, კანდელაკი, გაბაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი და დავით დარჩიაშვილი, ეს ადამიანები არიან სააკაშვილის მანდატით, რომლებმაც ხელი მოაწერეს კაპიტულანტურ რეზოლუციას, სადაც დადანაშაულებულია ჩვენი სამხედრო ძალები. ამ განმარტებას ხელი მოაწერეს სააკაშვილის დავალებით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 13 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის, 170 სამხედრო მოსამსახურე იყო. ომში დაიჭრა და დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 სამხედრო მოსამსახურე. ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები ხუთ დღეს გაგრძელდა, აქტიური საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა კი, მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის გააქტიურების შედეგად მოხერხდა. ომის დასრულებიდან მალევე, რუსეთმა აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა აღიარა. 2008 წელს გაფორმებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ოფიციალური მოსკოვი დღემდე არ ასრულებს.