ირაკლი ღარიბაშვილი - 5 ივლისს კონკრეტული სახელი და გვარი ვთქვი, ვინც რევანშისტული და რადიკალური შეთქმულების უკან დგას, ეს არის სააკაშვილი და მისი რადიკალური ჯგუფი
კითხვები დაისვა, რა კავშირი ჰქონდა მაგალითად ლგბტ თემს და მათ მიერ დაორგანიზებულ ღონისძიებას კონკრეტულად სააკაშვილთან. აღნიშნული ღონისძიების ერთ-ერთი თანაორგანიზატორი და მხარდამჭერი იყო ორგანიზაცია „სირცხვილია“, რომელიც აბსოლუტურად სრულად იმართება სააკაშვილის ორგანიზაციების მიერ. ეს არის დადასტურებული ფაქტი“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, იგეგმებოდა ძალიან დიდი და მასშტაბური პროვოკაცია ქვეყნისა და მოსახლეობის წინააღმდეგ.
„მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო საზოგადოებას, როგორ განვითარდა მანამდე მოვლენები და როგორ მოვედით აქამდე. მოგეხსენებათ, 5 ივლისს, მთავრობის სხდომაზე მე წინასწარ განვაცხადე, რომ იგეგმებოდა ძალიან დიდი და მასშტაბური პროვოკაცია ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის წინააღმდეგ. მე კონკრეტული სახელი და გვარიც ვთქვი, ვინც ამ რევანშისტული, რადიკალური შეთქმულების უკან დგას, ეს არის ბატონი სააკაშვილი და მისი რადიკალური ჯგუფი. კითხვები დაისვა, თუ რა კავშირი ჰქონდა მაგალითად ლგბტ თემს და მათ მიერ დაორგანიზებულ ღონისძიებას კონკრეტულად სააკაშვილთან. აღნიშნული ღონისძიების ერთ-ერთი თანაორგანიზატორი და მხარდამჭერი იყო ორგანიზაცია „სირცხვილია“, რომელიც აბსოლუტურად სრულად იმართება სააკაშვილის ორგანიზაციების მიერ. ეს არის დადასტურებული ფაქტი, მეგობრებო. ასევე მინდა გითხრათ, რომ იგეგმებოდა ფართომასშტაბიანი სამოქალაქო დაპირისპირება, რაშიც უნდა მომხდარიყო საპოლიციო ჯარების ჩართულობა და მათი მიზანი იყო, რომ სახელმწიფოს გამოეყენებინა ძალა საკუთარი ხალხის და მოქალაქეების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს თავიდან ავიცილეთ, ჩვენ ეს რისკები წინასწარ გვქონდა შეფასებული და არ დავუშვით. რაც მოხდა, კიდევ ვიმეორებ, არის ძალიან ცუდი და სამწუხარო, მაგრამ მინდა, ყველას შევახსენო, რომ ძალადობა ხდება ყველგან და ყველა ქვეყანაში. რამდენიმე ფაქტს შევახსენებ ჩვენს მოქალაქეებს. ევროპის შუაგულში, საფრანგეთში და არა მხოლოდ, დიდ ბრიტანეთში, ყველგან, ჩვენ გვახსოვს კვირების განმავლობაში განუწყვეტელი, ასე ვთქვათ ძალადობრივი, აგრესიული მანიფესტაციები, დემონსტრაციები, სადაც ათეულობით და ასეულობით ადამიანი დაშავდა, უამრავი დაიღუპა და დასახიჩრდა. გვახსოვს აშშ-ში, თვეების განმავლობაში მიმდინარე ძალადობრივი, აგრესიული დემონსტრაციები. მთელ ქალაქებში, სადაც გადაწვეს ავტომობილები, დააზიანეს კერძო საკუთრებები და ადამიანები დახოცეს. ჩვენს ქვეყანაში, კიდევ ვიმეორებ, რომ ჩვენ ეს რისკები წინასწარ შევაფასეთ, ვთქვით, რომ ეს არის დაუშვებელი. ჩვენ მათ, ლგბტ საზოგადოებას წინასწარ ვუთხარით, ასევე, ჩვენს პარტნიორი ქვეყნების ელჩებს, რომ ამ აღლუმის რუსთაველზე ჩატარება შეიცავდა პროვოკაციულ ხასიათს და ამის ჩატარება იყო დაუშვებელი. სახელმწიფოში, სადაც ბუნებრივია ხდება დანაშაულიც და კრიმინალიც, არ შეიძლება ამის განზოგადება. რა თქმა უნდა, ეს შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ქვეყანაში, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ ქაოსი და უწესრიგობა,“- აღნიშნა პრემიერმა.