ირაკლი ღარიბაშვილი - 5 ივლისს იგეგმებოდა სამოქალაქო დაპირისპირება, რაშიც უნდა მომხდარიყო საპოლიციო ძალების ჩართულობა, მიზანი იყო, რომ სახელმწიფოს გამოეყენებინა ძალა ხალხის წინააღმდეგ, ჩვენ ეს არ დავუშვით
ირაკლი ღარიბაშვილი - 5 ივლისს იგეგმებოდა სამოქალაქო დაპირისპირება, რაშიც უნდა მომხდარიყო საპოლიციო ძალების ჩართულობა, მიზანი იყო, რომ სახელმწიფოს გამოეყენებინა ძალა ხალხის წინააღმდეგ, ჩვენ ეს არ დავუშვით

5 ივლისს იგეგმებოდა ფართომასშტაბიანი სამოქალაქო დაპირისპირება, რაშიც უნდა მომხდარიყო საპოლიციო ძალების ჩართულობა და მათი მიზანი იყო, რომ სახელმწიფოს გამოეყენებინა ძალა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამ დღეს იგეგმებოდა ძალიან დიდი, მასშტაბური პროვოკაცია ქვეყნისა და მოსახლეობის წინააღმდეგ.

„მოგეხსენებათ, 5 ივლისს, მთავრობის სხდომაზე წინასწარ განვაცხადე, რომ იგეგმებოდა ძალიან დიდი, მასშტაბური პროვოკაცია ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის წინააღმდეგ. კონკრეტული სახელი და გვარი ვთქვი, ვინც ამ რევანშისტული, რადიკალური შეთქმულების უკან დგას, ეს არის ბატონი სააკაშვილი და მისი რადიკალური ჯგუფი.

კითხვები დაისვა, რა კავშირი ჰქონდა მაგალითად ლგბტ თემს და მათ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას კონკრეტულად სააკაშვილთან. მაშინ, როდესაც მე განვმარტე, რომ აღნიშნული ღონისძიების ერთ-ერთი თანაორგანიზატორი და მხარდამჭერი იყო ორგანიზაცია „სირცხვილია“, რომელიც აბსოლუტურად, სრულად იმართება სააკაშვილის ორგანიზაციების მიერ. ეს არის დადასტურებული ფაქტი.

იგეგმებოდა ფართომასშტაბიანი სამოქალაქო დაპირისპირება, რაშიც უნდა მომხდარიყო საპოლიციო ძალების ჩართულობა და მათი მიზანი იყო, რომ სახელმწიფოს გამოეყენებინა ძალა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ეს თავიდან ავიცილეთ, ჩვენ ეს რისკები წინასწარ გვქონდა შეფასებული და ჩვენ ეს არ დავუშვით. რაც მოხდა, არის ძალიან სამწუხარო, მაგრამ მინდა, ყველას შევახსენო, რომ ძალადობა ხდება ყველა ქვეყანაში. რამდენიმე ფაქტს შევახსენებ ჩვენს მოქალაქეებს. ევროპის შუაგულში, საფრანგეთში და არა მხოლოდ, დიდ ბრიტანეთში, ყველგან, ჩვენ გვახსოვს კვირების განმავლობაში განუწყვეტელი, ასე ვთქვათ ძალადობრივი, აგრესიული მანიფესტაციები, დემონსტრაციები, სადაც ათეულობით და ასეულობით ადამიანი დაშავდა, უამრავი დაიღუპა და დასახიჩრდა. გვახსოვს აშშ-ში, თვეების განმავლობაში მიმდინარე ძალადობრივი, აგრესიული დემონსტრაციები. მთელ ქალაქებში, სადაც გადაწვეს ავტომობილები, დააზიანეს კერძო საკუთრებები და ადამიანები დახოცეს.

ჩვენს ქვეყანაში ეს რისკები წინასწარ შევაფასეთ, ვთქვით, რომ ეს არის დაუშვებელი, ლგბტ საზოგადოებას წინასწარ ვუთხარით და მათ შორის ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩებს, რომ ამ ე.წ. აღლუმის ჩატარება რუსთაველის გამზირზე შეიცავდა პროვოკაციულ ხასიათს და ამის ჩატარება იყო დაუშვებელი. სახელმწიფოში, სადაც ბუნებრივია, ხდება დანაშაულიც და კრიმინალიც, არ შეიძლება ამის განზოგადება. რა თქმა უნდა, ეს შეიძლება, მოხდეს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ქვეყანაში, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ ქაოსი და უწესრიგობა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.