ირაკლი ღარიბაშვილი - 5 ივლისის მოვლენებზე მთავრობას ჰქონდა მკაცრი რეაქცია, 30-ზე მეტი ადამიანი დაჭერილია, გასამართლებულია
5 ივლისის მოვლენები, რაც არავის მოგვეწონა, თავდასხმები, რომლებიც განხორციელდა ოპერატორების, ჟურნალისტების წინააღმდეგ და ამაზე მთავრობას ჰქონდა მკაცრი რეაქცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, 30-ზე მეტი ადამიანი არის დაჭერილი, გასამართლებული.
„დანაშაული ყველა ქვეყანაში ხდება. ვინ იყო ამის ორგანიზატორი, კარგად ვიცით, ლგბტ ორგანიზაციის დირექტორი და „სირცხვილია“. ეს ერთი ორგანიზმია, ამათ უკან დგას სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“. მათი წახალისებული იყო ეს ვითომ ღირსების მარში. თუ რაღაც უნდა ჩაეტარებინათ, პირდაპირ პროვოკაცია, ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაცია, უნდოდათ, ქვეყანაში გამოეწვიათ დესტაბილიზაცია, მასობრივი არეულობა, შეტაკებები, პოლიციას გამოეყენებინა ძალა. ეს დაგეგმეს ამ ადამიანებმა. რაც მოხდა მანამდე, დილის საათებში, რა თქმა უნდა, ამას არავითარი გამართლება არ აქვს, მაგრამ ეს მოხდა სხვა, ცალკეული ინდივიდების, მოქალაქეების მხრიდან მეორე, სხვა ინდივიდების, მოქალაქეების წინააღმდეგ, რაშიც სახელმწიფო ჩაერია, დასაჯა და რა თქმა უნდა, გაასამართლა ყველა დამნაშავე. თქვენ ამაზე მელაპარაკეთ და პასუხი გაეცით კი არა, რაღა პასუხი უნდა გასცეთ, ხალხმა გაგცათ უკვე პასუხი რვაჯერ. ლუზერები არიან, რვა არჩევნებში წააგეს და ვერ ხვდებიან, რომ უბრალოდ, პერსპექტივა არ აქვთ. რვაჯერ წააგეს, მეტი რა გინდათ, ვერ გავიგე.
გაგვეცით პასუხი კიდევ ერთხელ, გაეცით პასუხი ადამიანებს, სახელმწიფო რომ სჩადიოდა დანაშაულს, კლავდა, აწამებდა, აუპატიურებდა ადამიანებს, მაგაზე რას იტყვით. მაგაზე ილაპარაკეთ. გამოვიდა ჩვენი ერთ-ერთი დეპუტატი და გაგახსენათ. კასტილებიანი კაცი, წარმოიდგინეთ, ამათ თავში რა ხდებოდა და ეს ხალხი მართავდა ქვეყანას. იმისთვის, რომ მიეღოთ საჭირო ჩვენება, გაჰყავდათ გაუბედურებული ადამიანები, აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, ამის კადრები ყველამ ნახა. კასტილებიანი კაცი არის ამ პარტიის სახე, ძალადობის, წამების, გაუპატიურების. სკოჩებით აბამდნენ და ასე აწამებდნენ. თქვენ ხართ ევროპელები, ეს არის ევროპა? კი, ეგ არის ხომ? მაგიტომ სხედხართ მანდ და ისხდებით დიდხანს.
ჩვენმა ხელისუფლებამ დანაშაული ჩავიდინეთო, მაგრამ თქვენ რატომ წაშალეთო. რა დანაშაულზე მესაუბრებით, ვის დანაშაულზე. კასტილებიანი უბირია, გვარი მახსოვს, ეს ნაძირალა კაცი აუპატიურებდა ხალხს, ბინძური ადამიანი. მეგის ქარდავა, დათა ახალაია და აკო მინაშვილი, ერთი ხართ. ეგ ადამიანები აკეთებენ მაგ ყველაფერს, მაგ სიბინძურეს. ჩვენ დროს მოხდა ამ ყველაფრის გამოძიება. რა ევროპულობაზე მესაუბრებით თქვენ საერთოდ და როგორ ბედავთ სიტყვა ევროპის თქმას. ევროკავშირის დროშას ამოფარებული ადამიანები ხართ. მეგის ქარდავამ რომ დაიჭიროს ევროკავშირის დროშა, ეგ არის თქვენი სახე. თქვენი ხელწერა არის წამება, მკვლელობა და ა.შ.“, – განაცხადა პრემიერმა.