ირაკლი ღარიბაშვილი - 47 პროცენტით რეალურად დავუსვით ბეჭედი ყველა სპეკულაციას, რომელიც მომდინარეობდა დესტრუქციული ოპოზიციისგან, საპარლამენტო არჩევნები აღარ გაიმართება 2024 წლამდე
ის, რომ 64-დან 20 ქალაქში გაიმართება მეორე ტური, აბსოლუტურად ჩვეულებრივი, ევროპული პრაქტიკაა, ეს არის დემოკრატიის მაჩვენებელი, ეს ერთი; მეორე, ჩვენ ავიღეთ 47 პროცენტი, მიუხედავად იმ ძალიან ბევრი ობიექტური ფაქტორისა, რომელიც შექმნილი იყო ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს რუსთავში, ოპოზიციის ჩრდილოვან კაბინეტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, 47-პროცენტიანი შედეგით, წერტილი დაესვა ყველა სპეკულაციას და ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლამდე არ გაიმართება.
„47 პროცენტით ჩვენ რეალურად დავუსვით ბეჭედი, წერტილი დავუსვით ყველა იმ სპეკულაციას, რომელიც მომდინარეობდა ამ დესტრუქციული ოპოზიციისგან. ქვეყანაში აღარ გაიმართება საპარლამენტო არჩევნები 2024 წლამდე, ეს იყო ყველაზე მთავარი. რამდენიმე პროცენტი რომელიღაც ქალაქში დააკლდა კანდიდატს, ესეც ჩვენი დამკვიდრებული წესია. სააკაშვილის დროს მერები არა ირჩეოდნენ ხალხის მიერ, არამედ ინიშნებოდნენ. ჩვენ შემოვიტანეთ და დავამკვიდრეთ ეს ევროპული პრაქტიკა. სხვათა შორის, ეს არავის მოთხოვნა არ იყო მაშინ, მერების პირდაპირ არჩევითობა ხალხის მიერ იყო ჩვენი ინიციატივა. მეორე, ის, რომ დავაწესეთ 50-პროცენტიანი ბარიერი. შესაბამისად, ეს არის აბსოლუტურად ნორმალური და მე მჯერა, ეჭვი არავის ეპარება, რომ 20-ვე ქალაქში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს“, – აღნიშნა პრემიერმა.