ირაკლი ღარიბაშვილი - 31 მარტის რეფერენდუმზე გამოხატული ერთსულოვანი ნებით იხელმძღვანელა უზენაესმა საბჭომ დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღებისას, ეს გამარჯვება, პირველ რიგში, ზვიად გამსახურდიას დამსახურებაა
ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ვულოცავ 1991 წლის 31 მარტის ისტორიული რეფერენდუმის 31-ე წლისთავს; ამ დღეს სრულიად საქართველომ, მათ შორის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობამ, ხმამაღლა და მკაფიოდ განაცხადა სახელმწიფოებრიობის აღდგენის გადაწყვეტილება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ სწორედ ხალხის ამ ერთსულოვანი ნებით იხელმძღვანელა უზენაესმა საბჭომ იმავე წლის 9 აპრილს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღებისას.
„ამ გამარჯვებისთვის უამრავი ადამიანი იბრძოდა, თუმცა უდავოა, რომ იგი პირველ რიგში საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ნამდვილი სახალხო ლიდერის, ზვიად გამსახურდიას დამსახურებაა. დღეს მას 83 წელი შეუსრულდებოდა. 31 მარტის რეფერენდუმმა მყარი საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობას, შეუქცევადი გახადა სვლა მიზნისკენ, რომლისთვისაც ქართველთა არაერთი თაობა იბრძოდა და შრომობდა. ეს მიზანია თავისუფალი, ერთიანი და ძლიერი საქართველო, რომელსაც უნიკალური ისტორიითა და კულტურით ღირსეული ადგილი უკავია მსოფლიო ერთა შორის. მჯერა, რომ დამოუკიდებლობისა და თავისუფლების იდეალების ერთგულება, ხელისუფლებისა და ხალხის ერთიანობა არის გზა, რომელიც მალე მიგვიყვანს ამ მიზნამდე“, – ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.