26 ოქტომბერს გაიმარჯვებს სიმართლე, მშვიდობა, თავისუფალი საქართველო და პარტია „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ოზურგეთში განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარება ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა.
„მიხარია, რომ ჩვენი საამაყო გურულები ისევე არიან მოტივირებული გასამარჯვებლად, როგორც 2012 წლის პირველ ოქტომბერს და მჯერა, 26 ოქტომბერს გურია და ბრძენი გურულები სწორ არჩევანს გააკეთებენ და, პირველ რიგში, აირჩევენ მშვიდობას. ვინ თუ არა გურულებმაიცით მშვიდობის ფასი და მშვიდობის განსაკუთრებული მნიშვნელობა. 2012 წლის 1 ოქტომბრის ისტორიული გამარჯვება სწორედ მშვიდობის გამარჯვება იყო, ვინაიდან სწორედ პირველ ოქტომბერს ჩაეყარა საფუძველი ჩვენს ქვეყანაში იშვიათ, ხანგრძლივ და უწყვეტ მშვიდობიან პერიოდს. სწორედ ჩვენი ლიდერის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა გრძელვადიანი მშვიდობის დამყარება საქართველოში, ამიტომ დამსახურებულად უწოდებს ჩვენი ხალხი მას მშვიდობისმყოფელს, მშვიდობის მომტანს, ხოლო ჩვენს პარტიას – „ქართულ ოცნებას“ – მშვიდობის პარტიას. გურულებს არ გეშლებათ თეთრის და შავის გარჩევა, მშვიდობის პარტიის და ომის პარტიის ამოცნობა, კარგად იცით, ვინ არის ომის პარტია და ვინ არის მშვიდობის პარტია, ვინ არის ომის მომტანი, ომის და ქაოსის, ომის და უბედურების, ნგრევის და განადგურების პარტია, ჩაგვრის, უსამართლობის და სიკვდილის პარტია და ვინ არის მშვიდობის, თავისუფლების, სტაბილურობის, განვითარების, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის, ევროპასთან უვიზო მიმოსვლის მომტანი, მრავალი კეთილდღეობის და ყველა მიმართულებით განვითარების მომტანი პარტია“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ თავისი სატელიტური პარტიებითა და „ენჯეოებით“ ხალხს ატყუებს, თითქოს, სხვადასხვა ძალას წარმოადგენენ, თითქოს მათი სურვილია კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება.
„ჩვენი ხალხი კარგად ხედავს მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობას, 26 ოქტომბერს ან ავირჩევთ მშვიდობას, ქვეყნის წინსვლას და განვითარებას, ღირსეულ ევროპულ მომავალს, ან ავირჩევთ ომის პარტიას, რომელიც გარანტირებულად, აუცილებლად მოიტანს ომს, ქაოსს, სიკვდილს და უბედურებას. დღეს ეს ბოროტი ძალა, იგივე „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ – ომის პარტია, თავისი სატელიტური პარტიებითა და „ენჯეოებით“, აგენტურით განაწილებულნი არიან სხვადასხვა ფრონტზე, ხალხს ატყუებენ, თითქოს ისინი სხვადასხვა ძალას წარმოადგენენ და თითქოს მათი სურვილია ეგრეთ წოდებული კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება… ახლა კითხვა დავსვათ: ვინ არის დღეს მთავარი ოპოზიციური პარტია? სამწუხაროდ, ისევ იგივე ბოროტი ძალა – ომის პარტია, რომელმაც ათასი უბედურება მოუტანა ჩვენს ქვეყანას, ომი, ოკუპაცია, ტერიტორიების დაკარგვა, გაჩუქება, გადაცემა, ათასი უბედურება ჩვენს ხალხს მოუტანა. ხოლო ყველა სხვა დანარჩენი მათი თანამოაზრე, მათი მოკავშირე, მათ მიერ შექმნილი, ხელოვნურად გაყოფილი პარტია თუ ახლად შექმნილი გაერთიანებები და კოალიციები იბრძვიან მხოლოდ 5-იანი ბარიერის გადასალახად, რათა შემდეგ ისევ ამ ბოროტ ძალასთან ერთად, „ნაციონალურ მოძრაობასთან“, თავიანთ მთავარ დედა პარტიასთან ერთად შექმნან კოალიცია.
შესაბამისად, ჩვენი ბრძენი ხალხი კარგად ხვდება, რომ ეს არის ტყუილი! კოალიციის შექმნის დაპირებით ატყუებენ ხალხს და ეუბნებიან, რომ თუ „ნაციონალური მოძრაობა“ არ მოსწონთ, ხმა მისცენ ნებისმიერ სხვა პარტიას, და ვინ არიან ეს სხვა პარტიები? ეს სხვა პარტიები აცხადებენ, რომ კოალიცია უნდა შექმნან ისევ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, შესაბამისად, ეს ხომ ხაფანგია. ესეც ხომ ტყუილია. არავითარი სხვა ალტერნატივა, უკეთესი ოპოზიციური პარტია არ არსებობს დღეს საქართველოში, რომელია სხვა პარტია, რომელიც არ შეუერთდება სააკაშვილის პარტიას და ომის კოალიციას, ომის კოალიციურ მთავრობას, რომელი? სისხლიანი პროკურორი გვარამიას და ზონდერი მელიას ახალი პარტია და მასში შემავალი ლუზერების პარტიები, თუ სააკაშვილის რეკეტიორი და ბიზნესის მოროდიორი ხაზარაძის პარტია „ლელო“ და მის მიერ ახლახან ნაყიდი 1%-იანი პარტიები, თუ მოღალატე გახარიას პარტია, თუ რომელი? ვინ არის მათი ლიდერი, ვისაც ხალხი უნდა გაჰყვეს? ვინ არის ჩვენი ლიდერის – ბიძინა ივანიშვილის და ჩვენი პარტიის, „ქართული ოცნების“ ალტერნატივა? ალტერნატივა არ არსებობს! ან ავირჩევთ ომს, ან ავირჩევთ მშვიდობას! სხვა ალტერნატივა არ არსებობს! და გაუცნობიერებელი, რაღაც უკეთესის ან რაღაც აბსტრაქტული, კოალიციური მთავრობის და, ზოგადად, უკეთესის ძიებაში გარანტირებულად მივიღებთ უარესს! მეგობრებო, არ არსებობს იდეალური მმართველი ძალა, არ არსებობს იდეალური პარტია, არ არსებობს იდეალური მთავრობა, მაგრამ დღეს არ არსებობს „ქართულ ოცნებაზე“ უკეთესი ალტერნატივა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 26 ოქტომბერს ხალმა უნდა გადაწყვიტოს, ვის ანდობს ქვეყნის მართვას.
„დღევანდელ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში ჩვენმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, თუ ვის უნდა ანდოს ქვეყნის მართვა – მას ვინც 12 წლის მანძილზე საქმით და შედეგით დაამტკიცა, რომ არის მშვიდობის და თავისუფლების მომტანი, სტაბილურობის, განვითარების და ევროპული მომავლის გარანტი თუ იმ ბოროტ ძალას, ვინც ასევე საქმით და შედეგით დაამტკიცა, რომ არის ომის, ჩაგვრის, ქაოსის, შიშის და ტერორის, ნგრევის და უბედურების მომტანი? მე მჯერა, რომ ჩვენი ბრძენი ხალხი გააკეთებს ერთადერთ სწორ არჩევანს და ხმას მისცემს ჩვენი ქვეყნის გადარჩენას, აირჩევს მშვიდობას, თავისუფლებას, სტაბილურობას, წინსვლას, განვითარებას, ღირსეულ ევროპულ მომავალს! 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს სიმართლე! 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს მშვიდობა! 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს თავისუფალი საქართველო და გაიმარჯვებს პარტია „ქართული ოცნება!“ ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.