ირაკლი ღარიბაშვილი - 23 მაისს ჩვენს სამშობლოში აფხაზეთის დღეს აღვნიშნავთ, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაარსებული ეს ტრადიცია ქართველთა და აფხაზთა ერთობას განასახიერებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთელ საქართველოს, განსაკუთრებით კი აფხაზ ძმებსა და დებს აფხაზეთის დღეს ულოცავს.
მთავრობის მეთაურის თქმით, მისი უწმინდესობა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაარსებული ეს კიდევ ერთი შესანიშნავი ტრადიცია ქართველთა და აფხაზთა ერთობას განასახიერებს.
„23 მაისს ჩვენს სამშობლოში აფხაზეთის დღეს აღვნიშნავთ. მთელ საქართველოს, განსაკუთრებით კი აფხაზ ძმებსა და დებს გულითადად გილოცავთ ამ დღეს. მისი უწმინდესობა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაარსებული ეს კიდევ ერთი შესანიშნავი ტრადიცია ქართველთა და აფხაზთა ერთობას განასახიერებს. დღეს ჩვენ საოკუპაციო ხაზი გვყოფს, მაგრამ ის, რაც გვაერთიანებს – საერთო ისტორია და კულტურა, ფასეულობები და ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისკენ სწრაფვა, გვაძლევს რწმენას, რომ ხვალინდელი დღე ასევე ერთობას, მშვიდობასა და მეგობრობას ეკუთვნის. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამისათვის და მჯერა, შორს არაა დღე, როდესაც მომავლის სახელით შევძლებთ კვლავ გაერთიანებას და ძლიერი, განვითარებული, ევროპული ქვეყნის ერთად შენებას“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.