ირაკლი ღარიბაშვილი - 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენი მიზანია ძლიერი გამარჯვება, ძლიერი შედეგი, საკონსტიტუციო უმრავლესობა
მარტიდან, მომდევნო 100 დღის განმავლობაში ვგეგმავ ათ რეგიონში ჩასვლას, მექნება ათი გასვლითი ღონისძიება, ჩვენი პარტია უნდა მოემზადოს არჩევნებისთვის, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, შეხვედრების მთავარი მიზანი იქნება წინასაარჩევნო კამპანიის მომზადება.
„მოგეხსენებათ, პარტიის თავმჯდომარის რანგში დღეს ვმართავ პირველ ბრიფინგს და მინდა, გაცნობოთ თქვენ და საზოგადოებას ჩემი გეგმების შესახებ. მარტიდან, მომდევნო 100 დღის განმავლობაში ვგეგმავ ათ რეგიონში ჩასვლას. მექნება ათი გასვლითი ღონისძიება. ვაპირებ, შევხვდე ჩვენი პარტიის წარმომადგენლებს, რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, ჩვენს აქტივს, მოსახლეობას, რათა ადგილზე გავეცნო მათ საჭიროებებს. მთავარი მიზანი ამ შეხვედრების იქნება რეალურად წინასაარჩევნო კამპანიის მომზადება, მზადება არჩევნებისთვის, ჩვენი პარტია უნდა მოემზადოს არჩევნებისთვის. მოგეხსენებათ, ჩვენი გაცხადებული მიზანი არის, რომ მაქსიმალური შედეგი მივიღოთ ამ არჩევნებზე. ამისთვის საჭირო არის მაქსიმალური მობილიზაციის გაკეთება, ჩვენი რესურსების, ჩვენი აქტივის მთლიანად მობილიზება, რომ მივიღოთ ძლიერი გამარჯვება და ძლიერი შედეგი ამ არჩევნებზე. მე გავიმეორებ ჩვენს მიზანს – ჩვენი მიზანი არის მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის თითოეულ წევრს. მე მექნება მათთან შეხვედრები, გვექნება ათი გასვლითი ღონისძიება. ასევე, მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, რა თქმა უნდა, პარლამენტთან. მინდა, კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და წარმატება ვუსურვო პრემიერ კობახიძის მთავრობას, ყველა მინისტრს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.