ირაკლი ღარიბაშვილი - 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის წარდგენისთვის ვემზადებით, რეფორმების გაგრძელებით, ასოცირების შეთანხმების სტაბილური განხორციელებით, ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ
ასოცირების შეთანხმების განხორციელება კვლავ რჩება ჩემი მთავრობის დღის წესრიგის საკვანძო საკითხად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე – „საქართველოს ევროპული გზა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია მეტი კავშირების დამყარება ევროკავშირთან დარგობრივი პოლიტიკის დონეზე და საერთო სფეროების ფარგლებში.
„ჩვენ გულმოდგინედ ვაგრძელებთ რეფორმებს ევროკავშირთან უფრო ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების, სამართლებრივი დაახლოებისა და მარეგულირებელი ნორმების ევროკავშირის დირექტივებთან თავსებადობისთვის. აუცილებელია, რომ ჩვენ მეტი კავშირები დავამყაროთ ევროკავშირთან დარგობრივი პოლიტიკის დონეზე და საერთო სფეროების ფარგლებში. როგორც მოგეხსენებათ, ჩემმა მთავრობამ ამბიციური პირობა დადო 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის წარდგენისთვის ქვეყნის მოსამზადებლად. დარწმუნებული ვარ, რომ რეფორმების გაგრძელებით, ასოცირების შეთანხმების სტაბილური განხორციელებით და ევროკავშირთან ეტაპობრივი დაახლოებით, ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ“ , – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.