ირაკლი ღარიბაშვილი - 2021 წელს პირველად ჩატარდა სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა, აქტიურად ვმუშაობთ მათ სკოლაში დასაბრუნებლად
2021 წელს პირველად ჩატარდა სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა, აქტიურად ვმუშაობთ მათ სკოლაში დასაბრუნებლად, – ამის შესახებ საქართვლოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, განათლების ყველა საფეხურზე მიმდინარე რეფორმის მიზანია სისტემური განვითარება.
„განათლების ყველა საფეხურზე მიმდინარე რეფორმის მიზანია სისტემური განვითარება. განათლებისა და მეცნიერების გრძელვადიანი პერსპექტივა აისახება ათწლიანი განვითარების გეგმაში, რომელზეც აქტიურად მუშაობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად 2021 წელს პირველად ჩატარდა სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა. პარალელურად, შემუშავდა განსხვავებული სასწავლო გეგმა და ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ მათ სკოლაში დასაბრუნებლად. ასევე გეტყვით, რომ ბოლო რვა წლის განმავლობში ჩვენ ავაშენეთ 174 ახალი საჯარო სკოლა და სრულად რეაბილიტირდა 257 სკოლა.
პანდემიის გამო, სასწავლო პროცესი ნაწილობრივ დისტანციურად ხორციელდებოდა. ჩვენი მასწავლებლებისა და სამინისტროს ძალისხმევით არა მხოლოდ კარგად გავართვით თავი ამოცანას, არამედ საერთაშორისო მასშტაბითაც ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა გავხდით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, პროფესიული განათლების მიმართულებით განხორციელდა მასშტაბური რეფორმა და ეს პროცესი გრძელდება.
„სისტემა კიდევ უფრო დაუახლოვდა ევროპულ სტანდარტს. განხორციელდა ეროვნული კვალიფიკაციების მოდერნიზაცია, მომზადდა შესაბამისი კვალიფიკაციის მასწავლებელთა კორპუსი, შეიქმნა სასწავლო რესურსები. პროფესიული განათლების სისტემა გახდა უფრო მოქნილი და მოერგო ყველა დაინტერესებული პირის საჭიროებას. ზრდასრულებისთვის შეთავაზებულია მოსამზადებელი პროგრამები სწრაფი დასაქმების ხელშესაწყობად. აშენდა და მოეწყო ინფრასტრუქტურა; ეს პროცესი გრძელდება. პროფესიული პროგრამები ხელმისაწვდომი გახდა ყველა რეგიონში. ყველა მუნიციპალიტეტში უნდა იყოს პროფესიული სასწავლებელი. ეს არის ჩვენი მიზანი და ამოცანა. რამდენიმე ახალი კოლეჯი უახლოეს პერიოდში იქნება მზად სტუდენტების მისაღებად.
რეფორმის განსაკუთრებულ მიღწევაა საერთაშორისო პარტნიორების მიერ უნიკალურ პლატფორმად აღიარებული ინსტიტუციური მოწყობისა და მართვის მოდელი, რომელიც კერძო სექტორთან ინტენსიური თანამშრომლობის შედეგია. დავაფუძნეთ პროფესიული უნარების სააგენტო, რომელიც რეფორმის ყველა კომპონენტში კერძო სექტორის თანამონაწილეობას გულისხმობს.
პანდემიის პერიოდში უნივერსიტეტებმა გაითვალისწინეს ჩვენი რეკომენდაცია და სოციალური მხარდაჭერის სახით, სტუდენტებს საფასურის გადახდის გადავადება ან მოქნილი ინდივიდუალური გრაფიკი შესთავაზეს“, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციისა და ხარისხის განვითარების მიმართულებით არსებულ პროგრესს.
„ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო საგანმანათლებლო ჰაბად ჩამოყალიბებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მეგა-პროექტ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს, რომელმაც წელს პირველი სტუდენტები მიიღო.
უნივერსიტეტში ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტის დასრულების შემდეგ საქართველოში თავს მოიყრის მსოფლიოს დონის მეცნიერთა საუკეთესო გუნდი, რაც ეროვნული მეცნიერების ინტერნაციონალიზაციას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.