ირაკლი ღარიბაშვილი - ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, არაერთი პროექტი შეიქმნა, სახეზე გვაქვს 1 800-ზე მეტი დაფინანსებული პროექტი და 53 000 ახალი სამუშაო ადგილი
2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ ბიზნესის მხარდაჭერისა და დასტაბილურების მიზნით არაერთი პროექტი შეიქმნა, შედეგად სახეზე გვაქვს 1800-ზე მეტი დაფინანსებული პროექტი და 53 000 ახალი სამუშაო ადგილი, დღეს წარმოდგენილ რუკაზე ყველა ეს პროექტია აღნიშნული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფოს მხარდაჭერით განხორციელებული ბიზნესპროექტების ინტერაქციული რუკის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში დაახლოებით 87 000-მა ბენეფიციარმა ისარგებლა. ჯამში ინვესტირებულია ოთხი მილიარდი ლარი, საიდანაც 800 მილიონზე მეტი სახელმწიფოს თანადაფინანსებაა. პროგრამის „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში კი მილიარდ 800 მილიონია ინვესტირებული, თითქმის 190 მილიონი მთავრობის დაფინანსებაა და 30 000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.
„ჩვენ, ყველა ერთად, მთავრობა წარმოგიდგენთ ინტერაქციულ რუკას, რომელზეც ჩვენ გავაერთიანეთ ყველა ის პროგრამა, პროექტი, რომელიც დავაფინანსეთ 2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ბიზნესის მხარდაჭერა და დასტაბილურება დავიწყეთ. შეიქმნა ძალიან ბევრი წარმატებული პროგრამა და პროექტი, როგორიც არის „შეღავათიანი აგროკრედიტი“, „აწარმოე საქართველოში“ და უამრავი სხვა მიკრო პროგრამები. შედეგად ჩვენ დღეს სახეზე გვაქვს 53 000 ახალი სამუშაო ადგილი, რომელიც ამ ბოლო რამდენიმე წელიწადში შეიქმნა. ჯამში 1800 ზე მეტი პროექტია დაფინანსებული. უფრო კონკრეტულად, მე მინდა გითხრათ, რომ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში დაახლოებით 87 000-მა ბენეფიციარმა ისარგებლა. ჯამში ინვესტირებულია ოთხი მილიარდი ლარი, აქედან 800 მილიონზე მეტი სახელმწიფოს თანადაფინანსებაა. რაც შეეხება „აწარმოე საქართველოს“, ამ პროგრამის ფარგლებში უკვე მილიარდ 800 მილიონია ინვესტირებული, თითქმის 190 მილიონი არის ჩვენი მთავრობის დაფინანსება და შეიქმნა 30 000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი.
მინდა, ასევე გითხრათ, რომ ამ პროგრამების მთავარი იდეა და მიზანი რა თქმა უნდა, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, წახალისება იყო, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ასევე, რა თქმა უნდა, ექსპორტზე ორიენტირებული ადგილობრივი წარმოების განვითარება. დღეს წარმოდგენილ რუკაზე, რომელიც ერთად დაამუშავეს ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ყველა ის პროექტი და პროგრამა არის აღნიშნული, შეტანილი, რომელიც ამ ბოლო წლების განმავლობაში მთავრობის დაფინანსებით და ხელშეწყობით იქნა შექმნილი და წახალისებული“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.