ირაკლი ღარიბაშვილი - 2012 წლიდან პროფესიული განათლების ბიუჯეტი გაოთხმაგდა, ბოლო ათ წელიწადში კოლეჯების განვითარებაში დავხარჯეთ 200 მილიონი ლარი
ირაკლი ღარიბაშვილი - 2012 წლიდან პროფესიული განათლების ბიუჯეტი გაოთხმაგდა, ბოლო ათ წელიწადში კოლეჯების განვითარებაში დავხარჯეთ 200 მილიონი ლარი

ჩვენ დავიწყეთ მასშტაბური ინვესტიციების განხორციელება განათლების სფეროში, 2012 წლიდან გაოთხმაგდა პროფესიული განათლების ბიუჯეტი, ჯამში, ბოლო ათ წელიწადში პროფესიული კოლეჯების განვითარებაში დავხარჯეთ 200 მილიონი ლარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, პროფესიული განათლების ახალ ხედვაზე მუშაობა ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ეკონომიკური საბჭოს ფორმატში გაიმართა არაერთი შეხვედრა, რათა განეხილათ, კიდევ უფრო მეტად როგორ უნდა განვითარდეს პროფესიული განათლება.

„იცით, რომ განათლების რეფორმის ჩვენი მთავარი ამოცანა არის ხარისხიანი განათლება და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა ყველა საფეხურზე, ყველა დონეზე. ჩვენ დავიწყეთ მასშტაბური ინვესტიციების განხორციელება განათლების სფეროში. მინდა, შეგახსენოთ, რომ დაახლოებით მილიარდი ლარი გამოვყავით ბაგა-ბაღების რეაბილიტაციის პროექტისთვის, ასევე მილიარდი ლარი გამოვყავით საშუალო სკოლების განვითარებაში, რეაბილიტაციისა და მშენებლობისთვის. ეს პროცესი დაწყებულია, დაახლოებით 400 სკოლის კონტრაქტია გაფორმებული და მშენებლობა დაწყებულია. ასეთივე მდგომარეობა არის ბაგა-ბაღების მშენებლობის ნაწილშიც.

რაც შეეხება პროფესიულ განათლებას. 2012 წლიდან ჩვენ გავაოთხმაგეთ ზოგადად პროფესიული განათლების ბიუჯეტი. დღეის მდგომარეობით, 30 საჯარო სახელმწიფო პროფესიული კოლეჯი არის შექმნილი, 40-მდე ლოკაცია არის გამოყოფილი, თავისი ფილიალების ჩათვლით. 45 კერძო კოლეჯი ფუნქციონირებს დღეს ქვეყანაში და წელს რეკორდული – 95 მილიონი ლარია პროფესიული განათლების ბიუჯეტი. ჯამში, 200 მილიონი ლარი დავხარჯეთ ბოლო ათ წელიწადში პროფესიული კოლეჯების განვითარებაში“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის კვალიფიციური ადამიანური კაპიტალის შექმნა და განვითარება.

„რაც შეეხება ზოგადად ჩვენს მთავარ გამოწვევას. იცით, რომ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაც გამოიკვეთა, მათ შორის ბიზნესთან მქონდა არაერთი შეხვედრა და გულწრფელი საუბრები, არის კვალიფიციური ადამიანური კაპიტალის შექმნა და განვითარება. გვესმის კარგად, რომ მძლავრი ეკონომიკური განვითარების ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორედ მაღალკვალიფიციური ადამიანური კაპიტალის შექმნა და პროფესიონალების ჩამოყალიბება, რომელთა ცოდნა და უნარები სრულ შესაბამისობაში იქნება დამსაქმებლისა და კერძო სექტორის საჭიროებებთან.

მინდა, გითხრათ, რომ, ჩვენი გადაწყვეტილებით, დღეს ჩვენ ბიზნესს, საზოგადოებას წარმოგიდგენთ ახალ შეთავაზებას. ეს არის საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით შემუშავებული წინადადება კერძო სექტორისთვის, რომელიც პროფესიულ განათლებაში სახელმწიფოს მხრიდან ინოვაციურ მიდგომას ითვალისწინებს. ეს არის რეალური საჯარო კერძო პარტნიორობის შეთავაზება, რომელიც გულისხმობს პროფესიულ განათლებაში ჩვენ მიერ თქვენთან ერთად ინვესტიციის ჩადებას, ასევე თქვენთან ერთად პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ბიზნესის მოთხოვნების შესაბამისი კადრების მომზადებას და დასაქმების მაჩვენებლის მნიშვნელოვნად გაზრდას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიული განათლების პოპულარიზაცია და, ზოგადად, პრესტიჟის გაზრდა.

„ამ მხრივ აუცილებელია, მთავრობამ და ბიზნესმა ჩვენი ძალისხმევა გავაერთიანოთ. ასევე, მინდა, ვთქვა, რომ ჩვენ აქტიურად ვიწყებთ პროფესიული განათლების ინტეგრირებას სკოლებში, რაც სკოლის ასაკიდანვე განუვითარებს ბავშვებს პროფესიულ უნარებს, შესძენს მათ კონკრეტულ პროფესიას და ამის შემდგომ მათ ექნებათ საშუალება, გადაწყვიტონ თავად, გააგრძელონ თუ არა სწავლა უმაღლესი განათლების საფეხურზე.

ასევე, მინდა, რამდენიმე კონკრეტული ფაქტებით გესაუბროთ. როგორც აღვნიშნე, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის კვალიფიციური მუშახელი ბაზარზე. გვაქვს ძლიერი ეკონომიკური ზრდა, მაგრამ არ არის მიწოდება კვალიფიციური მუშახელის, რაც სერიოზული პრობლემაა. ჩვენ ორი-სამი წლის წინ მდგომარეობა გვქონდა პირიქით და დღეს სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია. მაგალითს გეტყვით, რომ იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების სააგენტოში შემოსული ვაკანსიების თანახმად, გამოიკვეთა ყველაზე მსხვილი სფეროები – ეს არის საბითუმო და საცალო ვაჭრობა, განთავსების საშუალებები – სასტუმროები, უზრუნველყოფა და საკვების მიწოდების საქმიანობა, სარესტორნო ბიზნესი და ა.შ. ასევე მიმართულება – ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები. მეოთხე მიმართულება – ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქმიანობა. სააგენტოში დღეის მდგომარეობით 10 ათასამდე ვაკანსია არის დაფიქსირებული. უფრო საინტერესოს გეტყვით, შარშან ეკონომიკის სამინისტრომ ჩაატარა საინტერესო, ყოვლისმომცველი კვლევა და შარშან გამოიკვეთა შემდეგი მდგომარეობა, რაც საგანგაშოა. გამოიკვეთა, რომ შარშან პირველი სექტემბრის მდგომარეობით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საწარმოთა 32 პროცენტს ჰქონდა ვაკანსია, რომელმაც, ჯამში, თითქმის 140 ათასი ვაკანსია შეადგინა.  ეს, რა თქმა უნდა, საგანგაშოა.

აქვე, მინდა, მოვიყვანო კიდევ ერთი საინტერესო სტატისტიკური მონაცემი. იცით, რომ ბოლო სამ წელიწადში საკმაოდ შევამცირეთ სიღარიბე, უმუშევრობა. სიღარიბე და უმუშევრობა დღეს ისტორიულ მინიმუმზეა. 2012 წელს თუ გავიხსენებთ, მაშინ სიღარიბის მაჩვენებელი დაახლოებით 30 პროცენტი იყო, უმუშევრობა იყო 27 პროცენტზე მეტი, დღეს კი უმუშევრობის დონე დაახლოებით 17 პროცენტია, ხოლო სიღარიბის მაჩვენებელი 15 პროცენტზეა ჩამოსული. სიღარიბე ბოლო 10 წელიწადში ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დაძლია. ამიტომ ჩვენ ამ გამოწვევას რომ ვუპასუხოთ ეფექტური ქმედებითა და ნაბიჯებით, ამ გამოწვევაზე დაყრდნობით შევიმუშავეთ ძალიან საინტერესო კონცეფცია. რა თქმა უნდა, ამ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ბიზნესთან კოორდინირებულად მუშაობას. პრაქტიკულად, ჩვენ თუ სწორად დავგეგმავთ ყველა ამ პროფესიას და პროგრამებს, შეიძლება ითქვას, რომ 100 პროცენტით იქნება გარანტირებული დასაქმება ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ჩააბარებს პროფესიულ კოლეჯში, დაამთავრებს და შეიძენს საჭირო უნარ-თვისებებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.