ირაკლი ღარიბაშვილი - 2012 წლიდან, დიქტატორული რეჟიმიდან, ქვეყანამ საოცარი ტრანსფორმაცია განიცადა, მრავალი მიმართულებით ლიდერობს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისა და ხშირად მსოფლიო მასშტაბით
2012 წელს დიქტატორული, მჩაგვრელი რეჟიმიდან ქვეყანამ საოცარი ტრანსფორმაცია განიცადა და დემოკრატიზაციის 10-წლიანი პროგრესით საქართველო მსოფლიოს თითქმის 180 ქვეყანაში საუკეთესო ათეულშია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა, პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, 2012 წელს, ქვეყნის ეკონომიკა, მშპ იყო, დაახლოებით, 27 მლრდ ლარი, წელს მშპ გახდება 86 მლრდ ლარი, ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს ეროვნული ეკონომიკა სამჯერ გაიზარდა.
მისივე თქმით, ისტორიულ მინიმუმზეა უმუშევრობისა და სიღარიბის დონე.
„ფაქტობრივად, განახევრდა სიღარიბე. 2012 წელთან შედარებით ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა სიღარიბეს დააღწია თავი. გატარდა მასშტაბური რეფორმები: ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, განათლების სისტემის, სოციალური თანასწორობის, სასამართლო და მედიის თავისუფლების, არსებითად ყველა მიმართულებით. განხორციელდა ეროვნული, რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის მასშტაბური პროექტები. სწორედ ამ რეფორმებისა და პროექტების შედეგად, დღეისთვის საქართველო რეგიონში მოწინავე ლიდერია. მინდა, საზოგადოებას ასევე შევახსენო, რომ როცა ბიძინა ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, მაშინ საქართველოს არავითარი ხელშესახები შედეგი არ ჰქონდა ევროინტეგრაციის გზაზე. სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს მოეწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ ვაჭრობას, უვიზო რეჟიმს და ქვეყანამ გასულ წელს, დეკემბერში მიიღო კანდიდატის სტატუსი.
ჩვენი ქვეყნის შთამბეჭდავ პროგრესზე მეტყველებს ყველაზე ობიექტური კრიტერიუმი – ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევები. ჩვენი ქვეყანა მრავალი მიმართულებით ლიდერობს, რეგიონის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების და ხშირად მსოფლიო მასშტაბით. არაერთი მაჩვენებლით უსწრებს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ ქვეყნებს. 2012 წელს დიქტატორული, მჩაგვრელი რეჟიმიდან ქვეყანამ საოცარი ტრანსფორმაცია განიცადა და დემოკრატიზაციის 10-წლიანი პროგრესით საქართველო მსოფლიოს, თითქმის 180 ქვეყანაში საუკეთესო ათეულშია. დღეს ჩვენი ქვეყანა ლიდერია კანონის უზენაესობის, კორუფციისა და თავისუფლების, ეკონომიკური თავისუფლების, სასამართლოს დამოუკიდებლობის, პასუხისმგებლობიანი და ეფექტიანი მთავრობის, ბიუჯეტის გამჭვირვალობის, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის, ბაზარზე წვდომის ინოვაციების მიმართულებით და ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანეს, ეს არის უწყვეტი მშვიდობა და სტაბილურობა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.