ირაკლი ღარიბაშვილი - 2012 წლიდან დღემდე ბათუმის საზღვაო აკადემიის განვითარებაში სახელმწიფომ 30 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ბათუმის საზღვაო აკადემიის ახალი სამწვრთნელო ცენტრი დაათვალიერა. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერს აკადემიაში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა უმასპინძლა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2012 წლიდან დღემდე სახელმწიფომ 30 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა ბათუმის საზღვაო აკადემიის განვითარებაში. პრემიერის თქმით, აკადემია შავი ზღვის რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო საზღვაო სასწავლებელია.
მეზღვაურთა საწვრთნელ ცენტრს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. შეიცვალა კომპიუტერული ტექნიკა და განხორციელდა არსებული სიმულატორების პროგრამული განახლება. დადებული ხელშეკრულების თანახმად, საერთაშორისო კომპანია WARTSILA სამი წლის განმავლობაში გაუწევს ტრენინგ-ცენტრს პროგრამულ უზრუნველყოფას და ავტომატურ რეჟიმში განაახლებს პროგრამებს.
დღეისათვის, შავი ზღვის რეგიონში არც ერთ მეზღვაურთა ტრენინგ-ცენტრს არ გააჩნია უახლესი, 6.0 მოდელის პროგრამები, რომლებიც დახვეწილი ვიზუალიზაციით, დეტალურობით და ეფექტებით გამოირჩევა, რაც წვრთნების რეალურთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში ჩატარების შესძლებლობას იძლევა. სიმულატორებზე შესაძლებელია ყველა ტიპის და სირთულის პრაქტიკული დავალებების შესრულება.
საწვრთნელ ცენტრს დაემატა საგამოცდო ოთახი და აუდიტორია, კეთილმოეწყო მოსაცდელი სივრცე და ფრონტ-ოფისი; სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა შენობას, განახლდა ავეჯი, ინვენტარი, შეძენილ იქნა პრაქტიკული სასწავლო-საწვრთნელი მეცადინეობისათვის საჭირო ხელსაწყოები და აღჭურვილობა.
სრული პროგრამული განახლების შედეგად, მეზღვაურთა სასწავლო, საწვრთნელი და სერტიფიცირების ცენტრი ე. წ. Smart Support სისტემაზე გადავიდა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მოქმედ მეზღვაურთა სიმულატორული წვრთნების და შეფასების ხარისხს.
მეზღვაურთა საწვრთნელი ცენტრისა და სამანქანე განყოფილების ლაბორატორიის სრულიად გასაახლებლად და თანამედროვე გემებთან შესაბამისობაში მოსაყვანად მიმდინარე წელს მილიონამდე ლარი დაიხარჯა.
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტებისა და მოქმედი მეზღვაურებისთვის, თანამედროვე და მრავალფუნქციური საწვრთნელი აუზიც გაიხსნა.
საწვრთნელი აუზის ბაზაზე, აკადემიის სტუდენტებსა და მოქმედ მეზღვაურებს რეალურთან მიახლოებულ, სხვადასხვა ამინდის სიმულირების პირობებში შეუძლიათ გაიარონ პირველადი და კოლექტიური უსაფრთხოების, ზღვაზე გადარჩენის და სამაშველო ოპერაციების ჩატარების წვრთნები. აუზი იძლევა წყალქვეშა ცურვის წვრთნების გავლის შესაძლებლობასაც.
საზღვაო აკადემიაში პრემიერს საჩუქრად აკადემიის სტუდენტების მიერ დამზადებული გემის მაკეტი გადასცეს.
ბათუმის საზღვაო აკადემიაში პრემიერ-მინისტრთან ერთად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი იმყოფებოდნენ.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.