ირაკლი ღარიბაშვილი - 2012 წლამდე ქვეყანაში სამართალი იყო გამრუდებული, მას შემდეგ სასამართლო ფეხზე დადგა
2012 წლის შემდეგ ქვეყანა დადგა ფეხზე, სასამართლო ჩადგა ჩვენი ხალხის ინტერესების ფერხულში და სადარაჯოზე. „ვეტინგით“ სურთ, რომ ჩვენი სასამართლოს დისკრედიტაცია მოხდეს, რადგან მათ ვერ ჩაიგდეს ხელში და ვერ დაიბრუნეს სასამართლო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
ღარიბაშვილს კითხვა დაუსვეს, რომლის მიხედვითაც, ქალაქში მოსამართლეების შეურაცხმყოფელი წარწერები გამოჩნდა და ასევე, „ვეტინგის“ მომხრე მოსამართლეები საზღვარგარეთ წავიდნენ ტრენინგზე.
„ეს არის დაორგანიზებული, ამაში ფულია გადახდილი, ამის ინფორმაციები არსებობს და ესეც იმართება მტრულად მოქმედი ე.წ. აგენტურული ორგანიზაციების მიერ. სად იყვნენ ეს ადამიანები, როცა სასამართლო პრაქტიკულად იყო გაუქმებული, რატომ არ ინტერესდებოდნენ მაშინ ვიღაცის კეთილსინდისიერებით ან ვიღაცის სამართლიანობით? სამართალი იყო გამრუდებული ქვეყანაში, სამართალი არ არსებობდა 2012 წლამდე. მას შემდეგ ქვეყანა, სასამართლო დადგა ფეხზე, სასამართლო ჩადგა ჩვენი ხალხის ინტერესების ფერხულში და სადარაჯოზე. „ვეტინგი“ არის, რომ მოხდეს დისკრედიტაცია ჩვენი სასამართლოსი, რადგან მათ ვერ ჩაიგდეს ხელში და ვერ დაიბრუნეს სასამართლო. ამ კამპანიას უნდა გაემიჯნოს, ვინც არის პატრიოტი. რამდენიმე მოსამართლე არის კიდეც წასული ვიღაცის დაფინანსებით. ეს სამწუხარო რეალობაა. მინდა, მათ შევახსენო, რომ არიან ქართული სასამართლოს მოსამართლეები და არა უცხო ქვეყნის, რომელიმე ევროპული სახელმწიფოს თუ სხვა ქვეყნის მოსამართლეები. თუ მათ არ უნდათ ჩვენს სასამართლოში მუშაობა, კეთილი ინებონ, დატოვონ სასამართლო და იმუშაონ სხვა ქვეყნების სასამართლოებში თუ ორგანიზაციებში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.