ირაკლი ღარიბაშვილი - 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ გამარჯვება მოიპოვა ისეთი ძალის დამარცხებით, რომელსაც ჰქონდა მიტაცებული მთელი ძალაუფლება და ფეხქვეშ გათელილი კონსტიტუცია
ირაკლი ღარიბაშვილი - 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ გამარჯვება მოიპოვა ისეთი ძალის დამარცხებით, რომელსაც ჰქონდა მიტაცებული მთელი ძალაუფლება და ფეხქვეშ გათელილი კონსტიტუცია

ზუსტად 100 წლის წინ, საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს კონსტიტუცია მიიღო და ამით ჩვენი თანამედროვე სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი მტკიცე დასაყრდენი შეიქმნა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, პირველი კონსტიტუცია საკუთარი აღიარებით თავისი დროის გამორჩეულად პროგრესული ტექსტია ევროპისა და მსოფლიოს მასშტაბით.

„იგი ამკვიდრებს თავისუფლების, თანასწორობის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის იმ იდეალებს, რომლებიც მოგვიანებით მთელ განვითარებულ სამყაროში დაედო საფუძვლად სახელმწიფოთა სამართლებრივ მოწყობას. ამავდროულად, იგი, როგორც იურიდიული დოკუმენტი, ჰარმონიულად ათანხმებს ჩვენს ეროვნულ ფასეულობებსა და საწყისებს მსოფლიო კონსტიტუციონალიზმის გამოცდილებასთან. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კონსტიტუციაში მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად გაცხადდა ხალხის მტკიცე ნება, განპირობებული მთელი ჩვენი წარსულით და ნაკარნახები ჩვენი მომავალი თაობის ინტერესებით. უმდიდრეს ისტორიულ და კულტურულ ნიადაგზე აეშენებინათ დემოკრატული, ევროპული სახელმწიფო, თავისუფალ და თანასწორ ადამიანთა ერთობა. ქვეყანა, რომელიც საკუთარ უნიკალურ გზას გადის და განვითარების ფართო ასპარეზს ქმნის მისი თითოეული მოქალაქისთვის. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან კონსტიტუციამ, რომელიც საამაყო უნდა იყოს ნებისმიერი სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის, იმდენი ტრანსფორმაცია განიცადა, რომ გადაიქცა ტექსტად, რომელმაც დაკარგა ეროვნული შეთანხმების მნიშვნელობა. 2012 წლის პირველ ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ“ გამარჯვება მოიპოვა სწორედ ისეთი ძალის დამარცხებით, რომელსაც, პირდაპირ უნდა ითქვას, უზურპირებული ჰქონდა ხელისუფლება, მიტაცებული, როგორც მთელი ძალაუფლება, ასევე კონტროლიც ყველა სახელისუფლო, თუ საზოგადოებრივ ინსტიტუტებზე“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის განმარტებით, 2016 წლიდან „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო მმართველობის მოდელთან კონსტიტუციის შესაბამისობაში მოყვანა.

„მეგობრებო, პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ამ ძალას ფეხქვეშ გათელილი ჰქონდა კონსტიტუცია. 1995 წელს მიღებული კონსტიტუცია ერთი ადამიანის ნებასურვილს დაექვემდებარა და მას მოერგო. ჩვენ ყველას გვახსოვს, რომ ქვეყნის მმართველობის ფორმის გადაყვანა საპრეზიდენტო რესპუბლიკის მოდელიდან საპარლამენტო მმართველობის მოდელზე მხოლოდ იმ ერთადერთი მიზნით მოხდა, რომ უვადოთ გაგრძელებულიყო მოძალადე ხელისუფლების მმართველობა.

სწორედ ამგვარად იყო დაჭრილი და დაჩეხილი ის დოკუმენტი, როდესაც ქართველი ხალხის ნებით ანტიკონსტიტუციური მმართველობა შეიცვალა. 2016 წლიდან, როდესაც მორიგ საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო საკონსტიტუციო უმრავლესობა, ჩვენ დავიწყეთ მმართველობის მოდელთან კონსტიტუციის შესაბამისობაში მოყვანა. ამ უდიდეს საქმეში წამყვანი როლი შეასრულა ბატონმა ირაკლი კობახიძემ, რომელმაც გამართა და დასამტკიცებლად წარადგინა ეს დოკუმენტი. დოკუმენტი, რომელმაც მიიღო ისეთივე თანამედროვე ევროპული სტანდარტის შესაბამისი ფორმა, როგორიც იყო მისი ასი წლის წინამორბედი. ამიტომ მინდა, მივულოცოო ბატონ ირაკლის ის დამსახურებული ჯილდო, რაც დღეს მან მიიღო საქართველოს პარლამენტის სახელით.

ეს მართლაც ეროვნული კონსენსუსის დოკუმენტი ქართული კონსტიტუციონალიზმის ისტორიაში სამუდამოდ ჩაიწერა. ჩვენ, შეერთებული შტატების ხალხი, ამ სიტყვებით იწყება მსოფლიოში პირველი კონსტიტუცია, რომელსაც ჯორჯ ვაშინგტონი სასწაულს უწოდებდა, რომელმაც ეროვნული კონსენსუსი უმაღლესი იურიდიული ძალის დოკუმენტად ჩამოაყალიბა. ამ კონსტიტუციით, ჩვენ ქართველი ხალხი შევთანხმდით იმაზე, რომ საქართველოს ადგილი ევროპულ ოჯახშია და ჩვენი ქვეყნის გაწევრიანება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ჩვენი მტკიცე და შეუქცევადი მიზანია.

ჩვენ, ქართველი ხალხი შევთანხმდით იმაზე, რომ აღარასოდეს მოხდება სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება მოქალაქეების უფლებების დაკნინების ხარჯზე. ჩვენ, ქართველი ხალხი შევთანხმდით, რომ ქვეყნის ძირითად კანონს ვეღარასოდეს მოირგებს საკუთარ თავზე რომელიმე პოლიტიკური ძალა, თუ მმართველი. ამ კონსტიტუციით ჩვენ, ქართველი ხალხი შევთანხმდით ყველა იმ კულტურულ მარკერზე, იმ ფუნდამენტურ ღირებულებებზე, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს იდენტობას და თვითმყოფადობას მრავალფეროვან სამყაროში და რომლებიც თავისუფლების, დემოკრატიის იდეებს, ოჯახს და ეკლესიას ეფუძნება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.