ირაკლი ღარიბაშვილი - 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, მშვიდობიანი აქციით განვაიარაღეთ ხალხის მჩაგვრელი რეჟიმი, ხელისუფლებას ჩამოვაშორეთ მკვლელების, ჯალათების, მოღალატეების პარტია
2012 წელს ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, მშვიდობიანი აქციით განვაიარაღეთ ავტორიტარული, ხალხის მჩაგვრელი რეჟიმი და ხელისუფლებას ჩამოვაშორეთ მკვლელების, ჯალათებისა და მოღალატეების პარტია, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული და ანტიეკლესიური ძალა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ შემაჯამებელ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს აქციაზე შეიკრიბნენ თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები, რომლებმაც 2012 წელს აჩვენეს ქართველი ხალხის ძალა, სიბრძნე და მტკიცე სურვილი, იცხოვრონ თავისუფალ, სამართლიან, დემოკრატიულ, მშვიდობიან და ძლიერ სახელმწიფოში, სადაც დაცულია ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, ადამიანის ღირსება და თავისუფლება, სადაც ადამიანი და მისი სიცოცხლე უმთავრესი ღირებულებაა.
„მივესალმები ჩვენს ღირსეულ, ამაყ, თავისუფლების მოყვარულ და დაუმარცხებელ ქართველ ხალხს. მივესალმები სრულიად საქართველოს. ჩემთვის დიდი პატივია ათიათასობით საქართველოს მოქალაქის, ამდენი გულანთებული, პატრიოტი ადამიანის წინაშე სიტყვით გამოსვლა. პირველ რიგში, მინდა, გულწრფელი მადლობით დავიწყო ჩემი გამოსვლა. დიდი მადლობა თქვენი ერთგულებისთვის, თავდადებისთვის, თქვენი სიმტკიცისთვის, თქვენი ბრძოლისთვის. მადლობა დღეს აქ მობრძანებისთვის, დიდი მადლობა ყველას. დღეს, აქ, თავისუფლების მოედანზე შევიკრიბეთ თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები. ადამიანები, რომლებმაც 2012 წელს სწორედ აქ, ამ ადგილზე ვაჩვენეთ ქართველი ხალხის ძალა და სიბრძნე, ქართველი ხალხის მტკიცე სურვილი, იცხოვრონ თავისუფალ, სამართლიან, დემოკრატიულ, მშვიდობიან და ძლიერ სახელმწიფოში, სადაც დაცულია ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, ადამიანის ღირსება და თავისუფლება, სადაც ადამიანი და მისი სიცოცხლე უმთავრესი ღირებულებაა. 2012 წელს ჩვენი პარტიის დამფუძნებლის – ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, ამ ქვეყნის რიგითმა ჯარისკაცებმა მშვიდობიანი აქციით განვაიარაღეთ ავტორიტარული, ხალხის მჩაგვრელი რეჟიმი და ხელისუფლებას ჩამოვაშორეთ მკვლელების, ჯალათებისა და მოღალატეების პარტია, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული და ანტიეკლესიური ძალა. ჩვენ დავაფუძნეთ ის ღირებულებები და ფასეულობები, რომლითაც ქვეყანა დღემდე იმართება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.